ევროკავშირი და ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოს შინაგანი საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას არსებული პოლიციის ეთიკის კოდექსის დახვეწასა და სწავლების სტრატეგიის შემუშავებაში. ამ მიზნით, 11 -12 დეკემებერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული პოლიციის ეთიკის ახალი კოდექსის სამუშაო ვერსია განიხილეს. ასევე ისაუბრეს სწავლების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებებზეც. რეკომენდაციების შემუშავებამდე ექსპერტებმა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს და პოლიციის აკადემიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა.
ეთიკის კოდექსი პოლიციის სამსახურის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს განსაზღვრავს და რომელსაც ამ სამსახურის წარმომადგენლები უნდა იცავდნენ. ეთიკის კოდექსი ამაღლებს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობას სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი და ამყარებს პოლიციელთა ერთგულებას მასში დაცული პროფესიული ეთიკის ნორმებისა და მორალური ღირებულებებისადმი. ამას გარდა,ეთიკის კოდექსი საზოგადოებაში პოლიციის მუშაობისადმი ნდობის მოპოვებას და გაღრმავებს უწყობს ხელს. ამიტომ კოდექსის გადასინჯვის პროცესი სხვადასხვა ძირითადი მონაწილის ჩართვას მოითხოვს, განსაკუთრებით კი, თავად პოლიციის ოფიცრების.
ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშომლობის ნაწილია.
ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!