Back ევროპის საბჭო ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას ეხმარება

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ პროექტის - „საარჩევნო განვითარების სკოლები“ პრეზენტაციას მართავს
ევროპის საბჭო ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას ეხმარება

2016 წლის 22 ივლისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პროექტის, - „საარჩევნო განვითარების სკოლების“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განახორციელებს. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ გახსნეს.

თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ცესკო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს და მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლები“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.   

სასწავლო კურსი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში 25 ივლისს დაიწყება. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 680-მა ახალგაზრდამ გაიარა.

სასწავლო კურსის მონაწილეები 10 დღის განმავლობაში შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ. 

სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ; ამ მიზნით ცესკოს სწავლების ცენტრმა 46 ტრენერი გადაამზადა.

„პროექტის მიზნები უკავშირდება სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახალგაზრდებში მოხდება საარჩევნო საკითხების და არჩევნების პოპულარიზაცია, გაიზრდება არჩევნებში მათი ჩართულობის ხარისხიც და დონეც. რაც მომავალი პროფესიული რესურსის გაზრდისა და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა“ - აღნიშნა პრეზენტაციის ბოლოს ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ჟვანიამ. 

კრისტიან ურსემ კი მედიასთან საუბრისას საარჩევნო ადმინისტრაციისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის საბჭო, საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ცესკოს მომავალი სამ-წლიანი საარჩევნო ციკლის წარმატებით განხორციელებაში უწყობს ხელს. „უშუალოდ ამ პროექტზე თანამშრომლობით კი  მიზნად ვისახავთ - რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში,“ - განაცხადა კრისტიან ურსემ.  

ცესკომ, პროექტი 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო და მასში მონაწილეობა 627-მა ახალგაზრდამ მიიღო. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა და  სწავლება 20 მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და სამომავლოდ მთელი საქართველო მოიცვას.

„საარჩევნო განვითარების სკოლა“  ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge