Back მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებები მიიღო

12 და 13 მაისს გამართულ შეხვედრებზე, გენერალური მდივნის მეთერთმეტე კონსოლიდირებულ ანგარიშზე დაყრდნობით ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში კონფლიქტის თაობაზე.  

მოადგილეებმა:

  1. გაითვალისწინეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების მიერ 2014 წლის 29 და 30 აპრილსა და 2 მაისს (1198-ე სხდომა) მიღებული გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" შესახებ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობა მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

  1. განაცხადეს, რომ 2014 წლის 24 ნოემბერში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონს - აფხაზეთს შორის დადებული ე.წ.  ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ და 2015 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონს - სამხრეთ ოსეთს შორის დადებული ე.წ. ხელშეკრულება  „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“  საზიანოა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართული ძალისხმევისათვის, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ აქვს იურიდიული ძალა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტისა  და მისი განხორციელების ზომების შესახებ 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ შეთანხმებას;    

  1. გამოხატეს სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვას, რომელიც იწვევს საქართველოს  აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას; აღნიშნული ქმედებებით ასევე ირღვევა  იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლება უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესახებ;

  1. მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში  მცხოვრებ მოსახლეობასთან  კავშირის აღდგენის მცდელობა ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გზით; მოუწოდეს ყველა მონაწილე მხარეს ხელი შეუწყონ ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს დახმარებისათვის მზადყოფნა ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით;

  1. მიესალმნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განზრახვას წლის ბოლომდე განახორციელოს ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა  განახორციელოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე  და დაელოდებიან შესაბამის ანგარიშს არსებული მდგომარეობის შესახებ;

  1. ხაზი გაუსვეს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების მიერ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლასთან დაკავშირებით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, და, რომ  საქართველოს აღნიშნულ რეგიონებში ვიზიტი უნდა იყოს ზოგადად საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შემადგენელი ნაწილი რეგიონში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის ფართოდ შეფასებისათვის;  

  1. მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს, როგორც ევროპის საბჭოს ორგანოების, ასევე გენერალური მდივნის სამდივნოს დელეგაციას კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიაზე შეუფერხებელი დაშვება; მოიწვიეს გენერალური მდივანი ჩაერთოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დიალოგის წარმოების პროცესში;

  1. მოუწოდეს გენერალურ მდივანს გააგრძელოს მინისტრთა საბჭოსათვის წელიწადში ორჯერ კონსოლიდირებული ანგარიშის მიწოდება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს  საქართველოში კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის ძირითადი უფლებების  დაცვის შესახებ ინფორმაციას.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge