Back ქართველი მოსამართლეების პირველმა ჯგუფმა გაიარა ტრენინგი სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ

ქართველი მოსამართლეების პირველმა ჯგუფმა გაიარა ტრენინგი სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების 20-მა მოსამართლემ წარმატებით გაიარა 2-დღიანი საპილოტე ტრეინინგი თემაზე მართლმსაჯულების განხორციელება სექსუალური ძალადობის საქმეებზე.

მონაწილეებმა გაიუმჯობესეს ცოდნა სტამბოლის კონვენციის შესაბამისად სექსუალური ძალადობის დანაშაულებში გენდერული პერსპექტივის შესახებ, ასევე რელევანტური საერთაშორისო და ევროპული სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკის, ისევე როგორც ეროვნული სტანდარტების შესახებ. ზემოაღნიშნული დანაშაულების მსხვერპლებთან მუშაობის ფსიქოლოგიური ასპექტები იყო ასევე ტრენინგის ნაწილი. აქცენტები გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორიცაა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის უზრუნველყოფა სასამართლო განხილვის დროს, სექსუალური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებული მითების და სტერეოტიპების გამოვლენა და მათთან ბრძოლა, მტკიცებულებათა სტანდარტის გადახედვისა და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების მნიშვნელობა.

ტრენინგი ეფუძნებოდა ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის ერთობლივ კვლევას „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“ და სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს, რომელიც შემუშავდა ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ექვუალითი ნაუს ერთობლივი მხარდაჭერით ეროვნულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.

,,სტამბოლის კონვენციის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ერთ-ერთი გარანტიაა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა და ექსპერტების გამოცდილების გაზიარება ჩემთვის ფასდაუდებელია, ვინაიდან აღნიშნული დამეხმარება მაღალ პროფესიულ დონეზე შევასრულო ჩემზე დაკისრებული ვალდებულებები და განვახორციელო ეფექტური მართლმსაჯულება, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბებას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე.", აღნიშნა ტრენინგის მონაწილე იზა კელენჯერიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ.

საპილოტე ტრენინგს წინ უსწრებდა ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ჩაუტარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 7 მოსამართლეს. სწავლების სტრატეგიები, რესურსები და მასალები კონკრეტულად იყო მორგებული მონაწილეთა საჭიროებებზე. საერთაშორისო ექსპერტმა მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება სექსუალური ძალადობის დანაშაულების თანხმობის საფუძველზე განმარტების, შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის, მტკიცებულებების სტანდარტების, მსხვერპლის სანდოობის, მეორადი ვიქტიმიზაციის პრევენციისა და მოსამართლის როლის შესახებ.

„ტრენინგის დროს მიღებული ინფორმაცია დამეხმარა კიდევ ერთხელ სტამბოლის კონვენციის პერსპექტივიდან შემეხედა ამ ტიპის ძალადობის საქმეების როგორც სამართლებრივ, ასევე პროცესუალურ საკითხებისთვის, მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის კუთხით არსებული გამოწვევებისთვის, მსხვერპლთა მიმართ პროცესის მიმდინარეობისას მოპყრობის სტანდარტისთვის. ტრენინგმა კიდევ ერთხელ დამანახა, რაოდენ დიდია მოსამართლის როლი და მისი შესაძლებლობა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიუხედავად, დაადგინოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკა“ - მაია კვირიკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, პილოტური ტრენინგის ტრენერი და ტრენერთა ტრენინგის მონაწილე.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ და შვედეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გაეროს გენდერული თანასწორობის საერთო პროექტის და Equality Now-ს მხარდაჭერით.

4 ივნისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page