HELP-ის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კურსის 20 წარმატებულ მონაწილეს გადაეცა კურსის დასრულების სერტიფიკატი.
HELP-ის 3 თვიანი ონლაინ კურსი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობით ჩატარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა და მოსამართლეების თანაშემწეებმა გაიარეს ტრენინგი ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციის და დაცვის ძირითადი ცნებების, საერთაშორისო და ევროპული სამართლებრივი ჩარჩოსა და ევროპული სასამართლო პრაქტიკის შესახებ, ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციაზე განსაკუთრებული აქცენტით.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას. ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ ხაზი გაუსვა HELP-ის კურსის მნიშვნელობას: „დღეს 20 წარმატებულ მონაწილეს ვაჯილდოვებთ სერტიფიკატებით. ეს არის დამატებით 20 სასამართლო მოხელე, რომლებიც გახდნენ უფრო გამოცდილნი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, კერძოდ სტამბოლის კონვენციის სტანდარტების გამოყენებასა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის გადარჩენილებთან მუშაობის დროს გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების განხორციელებაში.”
კურსის მნიშვნელობაზე თავად მონაწილეებმაც გაამახვილეს ყურადღება. სოფო დანელიამ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარმა კონსულტანტმა - მოსამართლის თანაშემწემ, განაცხადა: „კურსის ფარგლებში, ჩვენ - მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულმა მოხელეებმა სიღრმისეულად გავიაზრეთ მისი შინაარსი და მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში. ტუტორების თავდაუზოგავი შრომისა და გულისხმიერების შედეგად, კურსი გამოვიდა უაღრესად შემეცნებითი და ინტერაქტიული. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენ მიერ შედგენილი სამართლებრივი დოკუმენტები იქნება მეტად დასაბუთებული და მეტად დაახლოვებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართლითა და სტამბოლის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.“
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით.

