ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღეს, 10 მარტს ესეების კონკურსის „ქალები მართლმსაჯულებაში, ქალები მართლმსაჯულებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სტუდენტების წახალისება და ამ დღის მათთან ერთად აღნიშვნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ქალ მოსამართლეთა ასოციაციისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ერთობლივი ინიციატივით მოხდა. გამარჯვებულების სიგელებით დააჯილდოვეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა თამარ ალანიამ, დიანა ბერიკაშვილმა, მაია თეთრაულმა, თამარ ონიანმა და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა, მარიამ ჯაჯანიძემ. კონკურსში, ბაკალავრიატის საფეხურის ოცდაათი სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთა უმრავლესობა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტებიდან.
ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღის მიზანია ქალი მოსამართლეების როლის გაზრდის ხელშეწყობა მართლმსაჯულებაში. შესაბამისად, სტუდენტებისა და მოსამართლეების შეხვედრის მთავარი თემა იყო გენდერული პერსპექტივების განხილვა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილებიდან მაგალითები გაუზიარეს და ესაუბრნენ გენდერული პერსპექტივის გათვალისწინების შესახებ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოების პროცესში. მოსამართლეებმა საზოგადოებაში იმ ღრმად გამჯდარ სტერეოტიპებზეც ისაუბრეს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს წინსვლას გენდერული თანასწორობის გზაზე და მართლმსაჯულებაზე წვდომისა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელშემშლელი ფაქტორია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელი ანა მღებრიშვილი ესეების კონკურსის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინიციატივისა და გამოცდილების სტუდენტებთან გაზიარების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.
“ინიციატივა მიზნად ისახავს პლატფორმის შექმნას, სადაც ქალ მოსამართლეებთან და სტუდენტებთან ერთად ვიმსჯელებდით თემაზე ქალები მართლმსაჯულებაში და ქალები მართლმსაჯულებისთვის. თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვინაიდან 30-მა სტუდენტმა სხვადასხვა რეგიონიდან და ფაკულტეტიდან, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ჩაერთნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია მიიღეს უშუალოდ მოსამართლეებისგან. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდეს და სტუდენტებს ყოველწლიურად შევთავაზოთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება“. აღნიშნავს იგი.
კონკურსის მონაწილე სტუდენტები შეხვედრაზე განხილულ საკითხებს გამოეხმაურნენ და სასამართლო სისტემაში ქალთა წარმომადგენლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ქალებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხზე. ესეების კონკურსი სტუდენტებმა დადებითად შეაფასეს:
„ეს კონკურსი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვინაიდან გავეცანით პრაქტიკოს მოსამართლეებს, იურისტებს, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარეს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო უშუალოდ დებატების ეტაპი, ვინაიდან მოგვეცა საშუალება დაგვესვა კითხვები და გაგვეგო მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თითოეული იმ პირის მიმართ, ვინც ღონისძიებაში მონაწილეობდა, განსაკუთრებით მოსამართლეების მიმართ, რომლებიც მართლაც, რომ საოცრად ღირსეულად ასრულებენ თავიათ საქმეს.“ აღნიშნა მარიამ ჭოლაძემ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსელმა.
შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - “ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით.

