Back ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში

ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების  განხორციელება საქართველოში

2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა და ევროპის საბჭომ ერთობლივი ონლაინ კონფერენცია გამართეს, სადაც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

კვლევა მიმოიხილავს 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საკანონმდებლო და მართლმსაჯულების განხორციელების ბარიერებსა და წარმოადგენს რეკომენდაციებს ამგვარ დანაშაულებზე კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. კვლევა უნიკალურია თავისი შინაარსით, რადგან ის პირველი ანგარიშია საქართველოში, რომელმაც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პროცედურები სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში შეაფასა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.

კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, საქართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია და მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ მცირე რაოდენობის შემთხვევებში ხდება. საკვლევი 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე), სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციაში 361 შეტყობინება შევიდა, საიდანაც გამოძიება 251 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 26 განაჩენი დადგა. აქედან სექსუალური ძალადობის ჩადენისათვის დამნაშავედ 20 პირი ცნეს, 6 კი სექსუალური ძალადობის ნაწილში გამართლდა. არც ერთ საქმეში, მართლმსაჯულების სისტემამ არ აღიარა სექსუალური ძალადობა, როგორც ქალთა დისკრიმინაციის ფორმა.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სექსუალური ძალადობის დანაშაულის შესახებ დეფინიციები (137-139 მუხლები) არ ემყარება მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, როგორც ამას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს.

საკმაოდ შემზღუდველი და ხისტია სექსუალური ძალადობის შემთხვევებში მტკიცებულებითი სტანდარტი პრაქტიკაში, დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, თუ დაზარალებულის ჩვენება არ არის  გამყარებული სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებით. ამგვარი სტანდარტები ეწინაღმდეგება ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების მოთხოვნებს და დამნაშავეთა დაუსჯელობას იწვევს.

ქალი სასამართლო ექსპერტების ნაკლებობა ხშირად აფერხებს დაზარალებულისთვის ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს, რომ გამოძიება არ გაგრძელდება და დამნაშავე პასუხს არ აგებს. ხოლო სისხლის სამართლის პროცესის დროს, მსხვერპლს ხშირად უსვამენ დამამცირებელ შეკითხვებს, რაც იწვევს მათი ღირსების შელახვას, სანდოობის ეჭქვეშ დაყენებას და შესაძლოა მათი მეორეული ვიქტიმიზაციაც განაპირობოს.  

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“  მხარდაჭერით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში.

კვლევა ხელმისაწვდომია აქ 

თბილისი, საქართველო 8 დეკემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ევროპის საბჭოს პროექტი მიზნად ისახავს ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალისხმევის ხელშეწყობას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მსხვერპლთა დაცვას, მოძალადეთა დასჯას და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას. ევროპის საბჭო ყურადღებას ამახვილებს ევროპული სტანდარტების, განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესახებ უახლესი ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებაზე.

მეთოდოლოგია

პროექტი ყურადღებას ამახვილებს სტამბოლის კონვენციის შესახებ ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობაზე. პროექტი ხელს შეუწყობს პოლიტიკასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გაანალიზებას, სასწავლო მოდულების, მასალების და პრაქტიკული ინსტრუმენტების განვითარებას, როგორიცაა სახელმძღვანელოები და ცნობიერების ასამაღლებელი მასალები. პროექტი მხარს დაუჭერს ტრენინგებისა, დისტანციური სწავლების კურსების ჩატარებას და გამოცდილების გასაზიარებლად ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას.   

პროექტის მთავარი პარტნიორები და ბენეფიციარები

პროექტი დამატებით თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრებო და არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სფეროში მუშაობენ.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის შესაძლებლობების -გაძლიერებისა და თანამშრომლობის პროექტების განყოფილება, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან ერთად. .

პროექტის უფროსი ოფიცერი: მარიამ ჯაჯანიძე

პროექტის ასისტენტი: ნინო მაჩხანელი

პროექტის მიზნები
  • ევროპული სტანდარტების, განსაკუთრებით კი სტამბოლის კონვენციის და  გენდერული თანასწორობის სხვა სტანდარტების ეფექტიანად  დანერგვისთვის პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება;
  • საჯარო მოხელეების (იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთა, სოციალური მუშაკების და სხვა)  შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად.
  • ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, მათ შორის გენდერულ თანასწორობაზე  საზოგადოების და საჯარო მოხელეების ცნობიერების გაზრდა.
ბიუჯეტი

პროექტის სრული ბიუჯეტია 1 110 000 ევრო

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2020 წლის  1 იანვარს და გაგრძელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

სტამბოლის კონვენცია კითხვები და პასუხები

ინგლისურ ენაზექართულ ენაზე

მითები და რეალობა სექსუალურ ძალადობაზე
ფოტო გალერეა
Loading...
პუბლიკაციები