Back საქართველოს დელეგაცია ავსტრიაში - სასწავლო ვიზიტი სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ

საქართველოს დელეგაცია ავსტრიაში - სასწავლო ვიზიტი სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ

პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის 15 წარმომადგენელი 2023 წლის 23-26 მაისს ეწვია  ავსტრიას და გაეცნო სხვადასხვა მონაწილეობით პროექტსა და  მოქალაქეთა ჩართულობის მრავალფეროვან პრაქტიკას რომელიც ასევე მოიცავდა ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხებსაც. 4 დღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს   მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად განეხილათ და გაეზიარებინათ მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვისა და მოქალაქეების პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის კარგი პრაქტიკა და გამოწვევები.

ავსტრიას მონაწილეობითი დემოკრატიის კარგი პრაქტიკა გააჩნია, რადგან მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ნაწილს აქვს დიდი ხნის გამოცდილება ისეთი მონაწილეობითი მეთოდების ინსტიტუციონალიზაციის კუთხით, როგორიცაა, მაგალითად, მოქალაქეთა ასამბლეა და მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი და ინოვაციური ფორმები, მათ შორის, ბავშვთა კონფერენცია.

„თეორიულად, ჩვენ გვაქვს მსგავსი მონაწილეობითი ფორმები საქართველოში, მაგრამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა თუ რამდენად კარგად არის პროცესი ორგანიზებული ავსტრიაში და როგორ შეთანხმებულად მუშაობენ ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტის მოსაძებნად“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ესტუმრა პროექტებს, როგორც ადგილობრივ დონეზე, ვენის ოლქში, ასევე რეგიონულ და ეროვნულ დონეზე და გაეცნო ფორარლბერგის, ზალცბურგისა და ვენის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმების გამოყენების მაგალითებს. თითქმის ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან შეხვედრისას მოხდა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობის განხილვა და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის იყო თუ როგორ უნდა მოხდეს მოქალაქეების ეკოლოგიურად სუფთა ურბანულ განვითარებაში ჩართვა.

დელეგაცია ასევე გაეცნო ქალაქ ვენის თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების ინიციატივას, რომელიც გამოიყენება კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების შესამუშავებლად და ავსტრიის პარლამენტის „დემოკრატიის სემინარს“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის დემოკრატიული და საპარლამენტო პროცესების გაცნობას.

„სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გავეცანი ბევრ პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც ნამდვილად შემიძლია გამოვიყენო ჩემს მუნიციპალიტეტში. ხოლო, მოტივაცია, რომელიც ამ დღეებში მივიღეთ, ფასდაუდებელია“ - აღნიშნა საქართველოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

საინტერესო და ნაყოფიერმა სასწავლო ვიზიტიმა, რომელიც ევროპის საბჭომ ავსტრიელ პარტნიორთან Zentrum für Verwaltungsforschung/KDZ-თან ერთად დააორგანიზა, საშუალება მისცა ქართველ და ავსტრიელ მონაწილეებს შეეძინათ ახალი კონტაქტები და განეხილათ  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ კონკრეტულ იდეებზე, თუ როგორ დავნერგოთ ავსტრიული მაგალითები საქართველოში, განსაკუთრებით საინტერესოა დემოკრატიის ვორქშოფები ახალგაზრდებისთვის“ - აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვიზიტის ბოლოს.

სასწავლო ვიზიტი ავსტრიაში ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page