საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმი პირველად შეხვდა საქართველოს ახლადარჩეულ სახალხო დამცველს, რათა განეხილათ სამომავლო თანამშრომლობა ადამიანის უფლებების ლოკალიზაციის შესახებ. საერთო პრიორიტეტებად განისაზღვრა ცნობიერების ამაღლება, კარგი პრაქტიკის გაცვლა და მრავალდონიანი დიალოგის გაძლიერება. ფორუმის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სახალხო დამცველის რეგიონულმა ოფისებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომლის მიზანი იყო ანტი-დისკრიმინაციისა და ინკლუზიის ადგილობრივი ეთიკის კოდექსის შემუშავება.
„ჩემი პრიორიტეტია გავაძლიერო სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათ ეროვნულ ასოციაციასთან გაღრმავებული თანამშრომლობის გზით, ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა საქართველოს ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, ფორუმის მესამე შეკრებაზე. ფორუმი წარმოადგენს ადამიანის უფლებების ლოკალიზაციის პლატფორმას და დაკომპლექტებულია ცამეტი მუნიციპალიტეტით.
ღონისძიებას ესწრებოდა 65-მდე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენელი, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს მათი მიღწევები მიმდინარე ადგილობრივ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა და ინკლუზიისა დაცვის გაძლიერებას. ფორუმმა ყურადღება გაამახვილა დიალოგსა და თანამშრომლობაზე ადგილობრივ ხელისუფლებას, ასოციაციას, ცენტრალური მთავრობასა და სახალხო დამცველის ოფისს შორის. გამოიკვეთა შემდგომი ნაბიჯები კონსულტაციების გაძლიერებული სისტემების შექმნის მიმართულებით და ფორუმის წევრების მოთხოვნით შექმნილი ასოციაციის ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის ახალმა კომიტეტმა წარმოადგინა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის სტრატეგიის პროექტი.
იმავე დღეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სახალხო დამცველის რეგიონულმა ოფისებმა გაცვალეს მოსაზრებები ეთიკისა და ქცევის ინკლუზიურ კოდექსებზე ადგილობრივ დონეზე. საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტებისა და პრინციპების განხილვის შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს საჯარო ეთიკისა და ანტი-დისკრიმინაციის სხვადასხვა ასპექტები. დაბოლოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეთიკისა და ქცევის კოდექსების შექმნისა და განახლების სახელმძღვანელო წესები შეიმუშავეს.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

