2023 წლის 26 და 27 აპრილს, ონში და ამბროლაურში ევროპის საბჭოს საინფორმაციო კამპანიის „შეცვალე სცენარი- შეასრულე შენი როლი“ ფარგლებში ფორუმთეატრი და დისკუსია გაიმართა. კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო მონაწილეობას და წაახალისოს მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ონისა და ამბროლაურის ღონისძიებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა:
“ეს ღონისძიებები დიდი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი კულტურისა და აზროვნების პოპულარიზაციისთვის. მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ რა არის ევროპის საბჭოს როლი და მისი სტანდარტები თავის წევრ ქვეყნებში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა სასიკეთო ცვლილებები მოუტანა საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობამ”- აღნიშნა მეგი მახარაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ღონისძიების მსვლელობისას.
ფორუმთეატრს დაესწრნენ მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის განსაზღვრაში ადგილობრივ დონეზე. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ პერფორმანსში და შეხედულებისამებრ შეეცვალათ სცენარი. ეს გამოცდილება წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება მცირე ინიციატივებმა და ინდივიდუალურმა ქმედებებმა მოიტანოს დიდი ცვლილებები და სარგებელი საზოგადოებისთვის.
„ევროპის საბჭო ხელს უწყობს მოქალაქეთათვის ღია პოლიტიკურ პროცესს, ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სამოქალაქო ჩართულობა არის შესაძლებლობა, გამოხატოთ თქვენი აზრი თქვენს თემში და თქვენი თემისთვის.“- აღნიშნა შტეფან სირბუმ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.
წარმოდგენის შემდგომ პანელური სესია მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის წარმატებულ მაგალითების განხილვას დაეთმო. მონაწილეები ასევე გაეცნენ ინოვაციურ Uchange მეთოდოლოგიას, რომელიც სამაგიდო თამაშის პრინციპით გამოიყენება და მოქალაქეებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფეხურების აცნობს.
თამარ ხომასურიძე, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის პრეზიდენტი:
„მოქალაქეთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა უნდა შევარჩიოთ ჩართულობის სწორი ფორმა, როგორ გავაჟღეროთ ჩვენი ხმა. მინდა გაგიზიაროთ პირადი მიღწევა თუ როგორ შეიქმნა ღია კინოთეატრი ონში. ღია კინოთეატრის შექმნის ინსპირაცია ახალგაზრდობის საჭიროებებს კვლევიდან წამოვიდა და 4 თვის განმავლობაში 16 უფასო კინოჩვენება ჩავატარეთ. წლის ბოლოს კი მერიამ წარადგინა ღია კინოთეატრის შექმნის იდეა, მოიპოვა დაფინანსება და სულ მალე ონში ღია კინოთეატრი გვექნება.
ჩემი მაგალითი აჩვენებს, რომ თქვენს მუნიციპალიტეტში, თქვენს თემში შეგიძლიათ მიაღწიოთ ღირებულ შედეგებს მტკიცე სურვილისა და მოტივაციის შემთხვევაში. ევროპის საბჭოს მხარდაჭერას ონში ახალგაზრდების წახალისებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში.“- ამბობს თამარ ხომასურიძე, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის პრეზიდენტი, რომელიც ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობას უწევს.
კამპანიის ფარგლებში, წლის მანძილზე დაგეგმილი იყო ვიზიტები ჯამში 15 საპილოტე მუნიციპალიტეტში. თბილისში, ონსა და ამბროლაურში ფორუმთეატრი უკვე ჩატარდა. დაგეგმილია ვიზიტები მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბორჯომში, ჩოხატაურში, გორში, ოზურგეთში, თელავში, თეთრიწყაროში, წყალტუბოში, ზესტაფონსა და რუსთავში.
ღონისძიება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

