2023 წლის 30-31 მარტს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ მონაცემთა ანალიზის ფორმატისა და მეთოდოლოგიის დასაგეგმად ჩატარდა სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წარმომადგენლებთან. მონაცემთა ანალიზი მნიშვნელოვანია აღნიშნული ტიპის დანაშაულების ძირითადი ტენდენციების დასადგენად და ეროვნულ დონეზე შესაბამისი რეაგირების, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესამუშავებლად.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2021-2022 წლებში შეგროვებული მონაცემების ანალიტიკური ანგარიშის მომავალი მოდელი და ძირითადი რეკომენდაციები. ამას გარდა, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო ნაბიჯები შეგროვილ მონაცემთა გაანალიზებისა და მოპოვებული მონაცემების შესახებ მემორანდუმის მოდიფიკაციისათვის.
ეს შეხვედრა იმ აქტივობების სერიის ნაწილია, რომლის მიზანია მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდოლოგიის გაუმჯობესება. 2018 წლის სექტემბერიდან ევროპის საბჭო დაინტერესებულ მხარეებს მხარს უჭერს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თაობაზე მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების პროცესს. ამის შედეგად, სახელმძღვანელო პრინციპებისა და მონაცემების ფორმებთან ერთად, შემუშავდა შემუშვდა რეკომენდაციები მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, , რომელიც თანხვედრაშია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მითითებებთან.
2020 წელს პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მონაცემთა შეგროვების გასაუმჯობესებლად სამუშაო მეთოდი მოიცავდა დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში.
ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

