2015 წლის 17 მარტს, ციხის რეჟიმის ახალი ოფიცრებისთვის გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით. კურსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა კახა კახიშვილმა გახსნა.
სწავლება მიზნად ისახავს სასჯელაღსრულების რეფორმის ხელშეწყობას სისტემის თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციის გაზრდით. კურსს, ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის ხელშეწყობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი უკვე მეორედ ატარებს.
კურსი 6 თვიანია, 5 ფაზისგან შედგება და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, სტაჟირებას და მენტორინგს. კურსის განმავლობაში, ოფიცრები გაეცნობიან ადამიანის უფლებეთან დაკავშირებულ ეროვნულ თუ საერთაშიროსო კანონმდებლობასა და სტანდარტებს, წამების პრევენციასთან, პირების დაკავების პროცედურებთან თუ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებულ საკითხებს, გაივლიან მომზადებას ფსიქოლოგიაში და სამედიცინო საკითხებში. ოფიცრები ფიზიკურ მომზადებასაც გაივლიან და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულად გამოიყენებენ სხვადასხვა დაწესებულებაში სტაჟირების დროს.
ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

