2023 წლის 8-10 მარტს, ევროპის საბჭოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი გაიმართა, რომლის მიზანია დიალოგის გაღრმავება ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით.
დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას დაესწრნენ, რომლის თემა იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით.
ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს აღსრულების წესები და პროცედურები გააცნეს. პრეზენტაციები, ასევე შეეხო აღსრულების სამოქმედო გეგმების/ანგარიშების შემუშავებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონაცემთა ბაზის გამოყენებას (HUDOC-EXEC). აღსრულების დეპარტამენტთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შეფასებას.
სასწავლო ვიზიტი დასრულდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოსთან მიმართებით არჩეულ მოსამართლესა და სამდივნოს იურისტებთან შეხვედრით.
სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

