Back სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა ადამიანის უფლებების დაცვაში

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა ადამიანის უფლებების დაცვაში

ევროპის საბჭოს პროექტი “ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში” გეგმავს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წინასწარ შერჩევას 10 სამიზნე რეგიონიდან: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე- ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა, გურია, სამეგრელო - ზემო სვანეთი და აჭარა. ამ მიზნით, დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად. 

შერჩევის პროცესის შედეგად, შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების 2მდე წარმომადგენელი, კერძოდ 40 პიროვნებამდე, მონაწილეობას მიიღებს 4 დღიან სემინარში, რომლის ფარგლებში მონაწილეები გადამზადდებიან შესაბამის საკითხებში (იხილეთ დანართი 1 დამატებითი ინფორმაციისთვის).

ინფორმაციული სემინარის ორგანიზება და განხორციელება მოხდება ევროპის საბჭოს პროექტის მიერ, შემდეგი სავარაუდო გრაფიკით:

  • სემინარი 1 (ჯგუფი 1, 20-მდე მონაწილე) – 8-11 ნოემბერი 2022, აჭარა
  • სემინარი 2 (ჯგუფი 2, 20-მდე მონაწილე) – 15-18 ნოემბერი 2022, კახეთი

სემინარის შემდეგ დეტალური განაცხადების მიღების საფუძველზე 2მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია იქნება შერჩეული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს 10-მდე რეგიონში (მე-2 ეტაპი). არჩეული ორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საგრანტო ხელშეკრულებას გააფორმებს ევროპის საბჭოსთან, თითოეული 9,000 ევრომდე (პირდაპირი გრანტის პროცედურა).

დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ინტერესის გამოხატვა შეუძლიათ მხოლოდ 1-ლი ეტაპისთვის (იხილეთ დანართი 1) 2022 წლის 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე (თბილისის დროით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: “Expression of interest for the informational campaign – HRCPG”  .

აპლიკაცია უნდა მოიცავდეს:

  • სამოტივაციო წერილს, რომელშიც აღწერილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მოტივაცია და ინტერესი მიიღოს მონაწილეობა სემინარში 2022 წელს, მათ შორის მზაობა, სემინარის შემდეგ, გააკეთოს განაცხადი შემდგომი კონკურენტული შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად; (1 გვერდიანი დოკუმენტი, ინგლისურ ენაზე) და 
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის აქტივობების მოკლე აღწერა დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან ან მსგავს სფეროსთან; (2 გვერდიანი დოკუმენტი, ინგლისურ ენაზე)  
  • ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი

ევროპის საბჭო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ადამიანის უფლებების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება;
  • ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ისეთ საკითხებზე როგორისაა საჯარო შეკრებები, მშვიდობიანი გამოსვლები და დემონსტრაციები საქართველოში; 
  • მზაობა შექმნან დიალოგი პოლიციასთან;  
  • მზაობა განახორციელონ საჯარო კამპანია საქართველოს რეგიონებში.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

პროექტი ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში’’,  მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას საპოლიციო მოვალეობების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგში, ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვის გაძლიერების გზით. 

პროექტი მხარს უჭერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალო და მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებთა მიერ პოლიტიკისა და მარეგულირებელი ღონისძიებების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ გამოვლენილი  ხარვეზების აღმოფხვრას, მათ შორის იმ ხარვეზების, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიუთითებენ საპოლიციო ზომების განხორციელების სფეროსთან დაკავშირებით.

იგი გააძლიერებს ძირითადი სამიზნე ჯგუფების, - პოლიციის სამსახურების და მათი თანამშრომლების, ასევე მონიტორინგისა და გამოძიების ეროვნული დამოუკიდებელი მექანიზმების (საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და ახლადშექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) და შესაბამისი პერსონალის პროფესიულ და საოპერაციო შესაძლებლობებს, პოლიციის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას გადაცდომების პრევენციის და  არასათანადო მოპყრობის  ბრალდებების ან ნიშნების, არაპროპორციული ძალის გამოყენების და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების ეფექტური გამოძიების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

პოლიციის სამსახურების და დამოუკიდებელი მონიტორინგისა და გამოძიების ეროვნული მექანიზმების შესაძლებლობების გაძლიერება  ასევე მიმართული იქნება დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობაზე (მაგ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში), ეთიკის პრინციპებზე, არასრულწლოვანებთან და სხვა დაუცველ ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებზე, და ასევე საპოლიციო ზომების განხორციელებისას გენდერულად  სენსიტიური მიდგომის გამოყენებაზე. 

გარდა ამისა, პროექტი ასევე დაეხმარება შსს-ს პოლიციის დაკავების დაწესებულებებში მყოფი პირების, განსაკუთრებით კი, დროებითი მოთავსების იზოლატორებში (TDIs) მოთავსებული პირების უფლებების დაცვის გაუმჯობესებაში. შესაძლებლობების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების სამიზნე ჯგუფი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალი, როგორც სამედიცინო, ასევე არა-სამედიცინო,  რათა დაკავების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, მათ შორის, ადექვატური მომსახურების ხელმისაწვდომობა. 

ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ასევე იქნებიან პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების სამიზნე ჯგუფი, რადგან მათი ეფექტური ჩართულობა პოლიციის გარე მონიტორინგში აუცილებელია პოლიციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, და საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად. 

ევროპის საბჭოს ხანგრძლივი წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვს შსს-სთან, კერძოდ კი, დროებითი მოთავსების იზოლატორების დეპარტამენტთან (TDI), ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან, და შსს აკადემიასთან.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს 2019-2021 წლებში განხორცილებელი 24 თვიანი პროექტის ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა,’’ გაგრძელებას.