Back როგორ ვმართოთ დემოკრატიული სკოლა

როგორ ვმართოთ დემოკრატიული სკოლა

დემოკრატიული კულტურის განვითარება სკოლის სივრციდან იწყება. მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა, გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის  გამოცდილება, გამოხატვის თავისუფლება და დისკუსია აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშემწყობი პროცესებია.

 

„დემოკრატიული სკოლის განვითარება“ ევროპის საბჭოს პროფესიული განვითარების პროგრამაა, რომელიც საჯარო სკოლების დირექტორებს და მოადგილეებს სკოლის დემოკრატიული პრინციპებით მართვის დანერგვაში ეხმარება.  6 მაისს დაწყებული პროგრამა 18 ივნისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობს 60-მდე დირექტორი და მოადგილე საქართველოს 28 სკოლიდან.

 

პროგრამის სესიების უმეტესი ნაწილი პრაქტიკულ ვარჯიშს, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და სკოლების დემოკრატიული მართვის გასაძლიერებელად სასარგებლო სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას ეთმობა. კურსი მოიცავს სამ ორდღიან სამუშო შეხვედრას სამკვირიანი ინტერვალებით შეხვედრებს შორის, რომელთა დროსაც სკოლების წარმომადგენლები შეიმუშავებენ გეგმებს და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ.

პროგრამა დირექტორებს და მოადგილეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ სკოლების დემოკრატიული მართვის სარგებელი და მისი გავლენა დემოკრატიული კულტურის განვითარებაზე. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ხედვა, თუ რა სტრატეგიით არის შესაძლებელი მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების მონაწილეობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში, როგორ შეიძლება განვითარდეს სკოლებისა და თემის ურთიერთობა.  

*პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში-მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

6 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს „დემოკრატია იწყება სკოლებში“ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების გაზრდილი მონაწილეობით, რაც შესაძლებელი გახდება სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისა და პრაქტიკის გზით.

 

პროექტი ეფუძნება ევროპის საბჭოს მიდგომებს სამოქალაქო განათლების საკითხებში: ცოდნის, უნარების, ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ერთიან ხედვას, ფოკუსს დემოკრატიული სკოლის განვითარებაზე და ახალგაზრდების სამოქალაქო გამოცდილების ინტეგრირებას ფართო საზოგადოებაში.

 

პროექტი დაეხმარება საქართველოს სამთავრობო ორგანოებს გაატარონ რიგი ღონისძიებები, რომლებიც საჭირო იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის პროცესებში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობის შექმნისა და სკოლასა და თემში გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ჩასართავად მოტივაციის ამაღლებისათვის. კონკრეტულად, პროექტი შეიმუშავებს სკოლების დემოკრატიული მმართველობის მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოებს და მხარს დაუჭერს სკოლის დირექტორებს, როგორც ამ პროცესის მთავარ აქტორებს, ითავონ სტრატეგიული ლიდერობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, პროექტი ასევე დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს განავითარონ და განახორციელონ სხვადასხვა პროექტი თავიანთ სკოლებსა და თემში.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები
  • საგანმანათლებლო ინსტიტუტები და განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები ზრდიან სკოლის მოსწავლეების დემოკრატიული კულტურისთვის საჭირო კომპეტენციებს;
  • სკოლის მოსწავლეები იცავენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობით.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

საქართველოს განათლების სამინისტრო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო

ხანგრძლივობა

22 თვე, 1 მარტი, 2022 – 31 დეკემბერი, 2023

ბიუჯეტი

700 000 ევრო

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით

აქტივობები/შედეგები

Activities/Outputs:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შემუშავდება რეკომენდაციები სკოლების დემოკრატიული მმართველობების საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერებისთვის;
  • შეიქმნება სკოლების დემოკრატიული მმართველობის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და მოხდება მათი პილოტირება სკოლებში;
  • ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება: სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის შემუშავდება და განხორციელდება პროფესიული განვითარების პროგრამა (ტრენინგი, მენტორინგი და თანატოლებთან გაცვლითი შეხვედრები) დემოკრატიულ სამოქალაქო განათლებასა და სკოლების დემოკრატიულ მმართველობაზე;
  • სასკოლო პროექტები: სკოლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავებენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება სწავლის შედეგებსა და თემში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მცირე გრანტის სქემის მეშვეობით;
  • სკოლის მოსწავლეების გაცვლითი პროგრამები: დემოკრატიული სკოლის მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ეროვნულ კონფერენციასა და მოლდოვაში სასწავლო ვიზიტით. ჩატარდება ორი საზაფხულო სკოლა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებსა და პროექტის მენეჯმენტის შესახებ;
  • სკოლების დემოკრატიულ მმართველობაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და გასავრცელებლად დაარსდება ეროვნული დემოკრატიული და ინკლუზიური სასკოლო ქსელი;
  • ცნობიერების ამაღლება: მოეწყობა როგორც კონფერენცია პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, ასევე არაერთი საკომუნიკაციო აქტივობა სკოლის მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის განვითარებაში განათლების როლის ხაზგასასმელად.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page