„ამ ტრენინგმა შეცვალა ჩემი ხედვა ტექნოლოგიებზე და ამ კონტექსტში ჩემი პასუხისმგებლობის აღქმაც,“ აღნიშნა 21-დან ერთ-ერთმა ახალგაზრდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2025 წლის ნოემბერში საქართველოში გამართულ ტრენინგში „ეთიკურად შექმნილი ტექნოლოგია: გენდერული თანასწორობის ინტეგრირება ციფრულ ინოვაციებში“.
ეს იყო ამ ტიპის პირველი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე ტექნოლოგიური დიზაინის გააზრებას. სამუშაო შეხვედრამ გააერთიანა მონაცემთა სპეციალისტები, UX დიზაინერები და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე დამწყები პროფესიონალები, რათა განეხილათ, თუ როგორ შეიძლება ციფრულმა სისტემებმა ერთი მხრივ გააძლიერონ და მეორე მხრივ აღკვეთონ გენდერული უთანასწორობა, მათ შორის ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობა.
მონაწილეებმა გაიგეს, როგორ მოქმედებს გენდერული ნორმები და არაცნობიერი მიკერძოებები ტექნოლოგიების განვითარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მათ ასევე მიიღეს ცოდნა ძირითად საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესახებ (სტამბოლის კონვენცია), ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციისა და ქალთა მიმართ ძალადობის ციფრული განზომილების შესახებ GREVIO-ს პირველ ზოგად რეკომენდაციის შესახებ.
ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა, თუ როგორ აყალიბებს გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების ერთობლიობა ადამიანის ქცევას და, თავის მხრივ, როგორ ახდენს ეს ქცევითი შაბლონები გავლენას იმ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ადამიანები ქმნიან და იყენებენ. „ადამიანური მიკერძოებები უკვე ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტში, და ჩვენ კარგად ვიცით, რომ გენდერული მიკერძოება ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა,“ აღნიშნა მან.
საერთაშორისო ექსპერტმა ანდრეი პეტროვსკიმ ფასილიტაცია გაუკეთა დისკუსიებს ციფრული ინსტრუმენტების ეთიკურ რისკებზე, ალგორითმულ მიკერძოებასა და ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის (TFVAW) კუთხით გამოვლენილ ახალ გამოწვევებზე.
მონაწილეები ასევე ჩაერთნენ მინი-ჰაკათონში, სადაც მათ უნდა შეემუშავებინათ პრაქტიკული, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და არსებულ უთანასწორობის შემცირებას შეუწყობდა ხელს. გუნდებად მუშაობის შედეგად მათ წარმოადგინეს იდეები, როგორც სპეციალურად გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად შექმნილი ინსტრუმენტების, ასევე უფრო ფართო ციფრულ პროდუქტებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და ტექნოლოგიის გამოყენებით ზიანის პრევენციის შესახებ.
მონაწილეებმა დადებითად აღნიშნეს ტრენინგზე გამოყენებული ინტერაქტიული მიდგომის მნიშვნელობა, მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შექმნა და შესაძლებლობა, რომ გადაეაზრებინათ ICT პროფესიონალების როლი უსაფრთხო ციფრული სივრცეების შექმნაში. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ახლა ვიცი, როგორ ვუპასუხო ონლაინ შევიწროების ადრეულ ნიშნებს და როგორ შევქმნა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც უნებლიეთ ზიანს არ მიაყენებს.“ სხვებმა კი გააზიარეს გეგმები ორგანიზაციული პრაქტიკების გადახედვის, თანატოლებში ცნობიერების ამაღლებისა და გენდერულად მგრძნობიარე დიზაინის პრიორიტეტად ქცევის შესახებ.
ღონისძიება განხორციელდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.




