ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარასა და კახეთში ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პოლიციის ანგარიშვალდებულების ევროპული სტანდარტების განხილვის მიზნით.
ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების შესაბამისი მიდგომის გაძლიერება სამართალდამცავ ინსტიტუტებში“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა რეგიონული და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების 40-მდე წარმომადგენელმა მიიღო. მონაწილეებმა ცოდნა გაიღრმავეს ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა:
- მშვიდობიანი შეკრებების მართვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად;
- არასათანადო მოპყრობის პრევენცია, განსაკუთრებული აქცენტით დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმებისა და სახალხო დამცველის აპარატის როლზე;
- მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა.
სემინარები ჩატარდა ევროპის საბჭოს საქართველოსთვის განკუთვნილი 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს რეფორმების ინიციატივებს და ეხმარება ქვეყანას, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს, საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში.




