Back იურიდიული კლინიკების წარმომადგენლები ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად თანამშრომლობას აძლიერებენ

იურიდიული კლინიკების წარმომადგენლები ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად თანამშრომლობას აძლიერებენ

ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტების ბაზაზე არსებულ იურიდიულ კლინიკებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და მათი შესაძლებლობების განვითარება ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე იურიდიული კლინიკების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იყო. ახლად შექმნილი პლატფორმა აერთიანებს საქართველოში მოქმედ საუნივერსიტეტო იურიდიულ კლინიკებს და ქმნის ორგანიზებულ სივრცეს თანამშრომლობისთვის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისა და ქალთა უფლებებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისთვის.

რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა განსაზღვრეს პლატფორმის პირველი ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები, განსაკუთრებული ყურადღება კი იურიდიული კლინიკების ინსტიტუციური და პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერებას დაეთმო. ძირითად პრიორიტეტებს შორისაა მულტიდისციპლინური რეფერირების მექანიზმის შემუშავება, რომელიც კლინიკებს ერთმანეთთან, ასევე შესაბამის სერვისებსა და ინსტიტუტებთან დააკავშირებს, და საერთო სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება. პლატფორმის წევრებმა ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვან მიმართულებებად ასევე განსაზღვრეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების განვითარება, სტუდენტური კვლევების ხელშეწყობა და იურიდიული კლინიკების მომსახურებების ცნობადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას, ვისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილებიდან და ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა იურიდიული დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქალებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება,“ - აღნიშნა შეხვედრაში მონაწილე ერთ-ერთი იურიდიული კლინიკის წარმომადგენელმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთხმად აირჩიეს პლატფორმის თავმჯდომარედ ერთი წლის ვადით. პლატფორმის წევრებმა ასევე განიხილეს 2026 წლის სექტემბერში ნიდერლანდებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტი, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ კლინიკური იურიდიული განათლების სხვადასხვა მიდგომას, რეფერირების მექანიზმებს, რეალურ საქმეებზე სტუდენტების ჩართულობის პრაქტიკასა და სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამოცდილებას, რათა შესაბამისი პრაქტიკის ელემენტები ქართულ კონტექსტს მოერგოს.

შეხვედრის შემდგომ ევროპის საბჭო კვლავ განაგრძობს პლატფორმის მხარდაჭერას, მათ შორის, მისი პირველი სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მონაწილე უნივერსიტეტებში არსებული სერვისებისა და რეფერირების რესურსების რუკის შექმნის მიმართულებით. უნივერსიტეტების იურიდიულ კლინიკებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საქართველოში ქალთა უფლებებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე პასუხისმგებლიანი იურიდიული პრაქტიკის განვითარებას.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მართლმსაჯულების გაძლიერება და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

თბილისი, საქართველო 14 ივლისი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge