საქართველოს ორი საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართული საკუთარი იდეები კონკრეტულ პროექტებად ექციათ. სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველი ციკლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიმუშავეს 12 პროექტი, მათ შორის ისეთი ინიციატივები როგორებიცაა უნივერსალური გარე სივრცის, მედიასტუდიისა და სასკოლო კინოკლუბის შექმნა.
2026 წლის 18 სექტემბერს თბილისის №177 და ზესტაფონის №4 საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ განხორციელებული პროექტები, მიღებული გამოცდილება და პროცესის მიმდინარეობისას წარმოქმნილი გამოწვევები.
მომდევნო ეტაპისთვის მზადებისას, მოსწავლეებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიც გაიღრმავეს.
პრაქტიკული საქმიანობის ფარგლებში მათ იმუშავეს საკუთარი იდეების მკაფიოდ და არგუმენტირებულად გამოხატვაზე, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენასა და გათვალისწინებაზე, საერთო მიზნების მისაღწევად გუნდური მუშაობის აუცილებლობაზე.
შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და გაეცნენ სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების ევროპულ პრაქტიკებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ინიციატივის გაგრძელების შესაძლებლობები და სასკოლო დონეზე მონაწილეობითი პროცესების შემდგომი განვითარების გზები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობების მუდმივად უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში და გავლენა მოახდინონ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ სკოლებსა და თემებს ეხება.
მეორე ფაზის ფარგლებში ორივე სკოლა სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესს დამოუკიდებლად განხორციელებს. ამასთან, პროგრამა გაფართოვდება და მას საქართველოს სხვა სკოლებიც შეუერთდებიან. მოსწავლეებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი იდეები, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და წვლილი შეიტანონ საკუთარი სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან არსებული მრავალდონიანი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმისა და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.




