საქართველოში პირველად დაინერგა სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირება, რამაც გააერთიანა 900-ზე მეტი მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ინიციატივამ ორი სკოლის საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა, შეესწავლათ დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმები, თემის ჩართულობა, თემის საჭიროებების იდენტიფიცირება, პროექტების დაგეგმვა, ბიუჯეტის შემუშავება, საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და არჩევნების ორგანიზება დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად.
ორივე სკოლამ განსაკუთრებული ინტერესი და მაღალი მოტივაცია გამოავლინა. ტრენინგენის სამ ციკლში, ჯამში, 300-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სასკოლო მონაწილეობითმა ბიუჯეტირებამ მათ უკეთ დაანახა, თუ როგორ შეიძლება სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ერთობლივად და გამჭვირვალედ.
დასკვნით ეტაპზე, MeetUp შეხვედრების ფორმატში, თითოეული სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი პროექტის იდეები წარუდგინეს თანატოლებსა და სკოლის ფართო საზოგადოებას. წარმოდგენილი შემოქმედებითი ინიციატივები მოიცავდა სკოლის კინოკლუბის შექმნას, ველოსიპედების პარკინგის მოწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის აპლიკაციის შემუშავებას და სხვა იდეებს, რომლებიც სკოლისა და საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირება აქტიურად იყო პოპულარიზებული ორივე სკოლაში მოსწავლეების მიერ დაგეგმილი აქტივობების საშუალებით (ვიდეოები, პოსტერები, პირისპირ შეხვედრები). შედეგად, არჩევნების დროს ორივე სკოლაში 900-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა მათთვის სასურველი პროექტებისთვის ხმის მისაცემად.
გამარჯვებული ექვსი პროექტი (სკოლაში უნივერსალური სივრცე, ღია კლასი - სწავლა ღია სივრცეში, მედია სტუდია, სპორტული სივრცის გაუმჯობესება, სამაგიდო თამაშების სივრცე და კინოკლუბი) განხორციელდება 2026 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით თბილისის და ზესტაფონის სკოლებში. დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ან სკოლის ბიუჯეტიდან (თბილისი), ან მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხებით (ზესტაფონი).
პროცესში ჩართულ მოსწავლეთა 90%-ზე მეტი ადამიანის უფლებების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა მონაწილეობა, თანასწორობა, გამჭვირვალობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა, საზოგადოებრივი პროექტების აუცილებელ ელემენტებად მიიჩნევს.
სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების ციკლმა, ასევე, ხელი შეუწყო მოსწავლეთა ქცევით ცვლილებებს - ისინი გახდნენ უფრო პროაქტიულები, თავდაჯერებულები საკუთარი იდეების წარდგენისას და მეტად მოტივირებულნი, რომ ჩაერთონ სკოლის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მომდევნო წელს ევროპის საბჭოს პროექტი უფრო სიღრმისეულად შეისწავლის ქცევით ცვლილებებს მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში.
სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პილოტირება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს სამოქალაქო განათლების განვითარებაში საქართველოში, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მოსწავლისთვის რეალური გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას დემოკრატიული კულტურის გაძლიერება სკოლებსა და თემში.
აღნიშნული აქტივობა ორგანიზებული იყო პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან არსებული მრავალდონიანი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით.




