ეთიკური ჟურნალისტიკა, გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება და მედიის ანგარიშვალდებულება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობის დროს, იყო ორდღიანი ტრენინგის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა ჟურნალისტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ჟურნალისტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების აღქმის ჩამოყალიბებაში. საგამოძიებო ჟურნალისტიკის, ეთიკური თხრობისა და საზოგადოების ჩართულობის გზით, მათ შეუძლიათ გარკვეული სტერეოტიპების წინააღმდეგ გაბრძოლება და ამ მიმართულებით ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში წვლილის შეტანა.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა უნარების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ მოვლენების სიზუსტით, ობიექტურობითა და ემპათიით გაშუქება. სესიები მოიცავდა მედია ეთიკის ძირითად პრინციპებს - სამართლიანობას, მიუკერძოებლობას და ანგარიშვალდებულებას - მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან ერთად.
მონაწილეებმა განიხილეს ფემიციდის რეალური შემთხვევები, გააანალიზეს მიკერძოებული ნარატივები ჟურნალისტური საქმიანობის დროს და უფრო მეტად გაიაზრეს მათი საქმიანობის გავლენა საზოგადოებრივ აღქმებზე.
სატრენინგო პროგრამა, ასევე, მოიცავდა ძალადობის ფსიქოლოგიურ გავლენას ქალებზე, მათ შორის ტრავმის გრძელვადიან შედეგებს მსხვერპლზე. მონაწილეებმა ასევე შეისწავლეს მედიის როლი მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებაში, ეთიკური და მსხვერპლზე ორიენტირებული გაშუქების პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით.
ტრენინგის მონაწილე: “ვფიქრობ ამ ტრენინგის შემდეგ, მეტი ემპათიით გავაშუქებ ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის შემთხვევებს და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან კომუნიკაციისას უფრო ფრთხილი ვიქნები, ასევე ვფიქრობ, შეიცვლება ჩემი საუბრის ტერმინოლოგია.”
ტრენინგი ჩატარდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.




