გარემოს დაცვა, სკოლის გაუმჯობესება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეების მონაწილეობის გაზრდა იყო თბილისის #177 საჯარო სკოლაში გამართული სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების ტრენინგის მთავარი თემა. ინიციატივამ გააერთიანა 44 მონაწილე, მათ შორის, 40 მოსწავლე, 4 მასწავლებელი და კოორდინატორი.
სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების მეთოდოლოგია სკოლის მოსწავლეებს ასწავლის იდეების შექმნასა და განვითარებას, პროექტების შემუშავებას, კრიტიკული აზროვნების გამოყენებას, ეფექტიან კომუნიკაციასა და გუნდურ მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი შთააგონებს ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს, მეტად ჩაერთონ ადგილობრივ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ტრენინგის მსვლელობისას „სწავლით სწავლების“ მეთოდისა და Uchange თამაშის მეთოდოლოგიის გამოყენებით, მოსწავლეებმა იმსჯელეს სკოლის საჭიროებებზე და ერთობლივად შეიმუშავეს იდეები, რომლებიც მიზნად ისახავდა სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას. იდეების გენერირების შემდეგ, ჯგუფებმა ერთობლივად შეიმუშავეს საპროექტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა სასკოლო გარემოს უფრო მწვანედ, უსაფრთხოდ და ინკლუზიურად გარდაქმნას.
მომდევნო ორ ტრენინგზე მოსწავლეები უფრო მეტ ცოდნას მიიღებენ პროექტების წერისა და მათი იდეების გარშემო კამპანიის შემუშავების, ასევე ადამიანის უფლებების და მონაწილეობითი პროცესების შესახებ.
თბილისის #177 საჯარო სკოლაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში დაწყებული პილოტური პროგრამის ნაწილია. ის მიზნად ისახავს ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლიანი, აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს იმსჯელონ, გადაწყვიტონ და საბოლოოდ შეარჩიონ ის საპროექტო წინადადებები , რომლებიც პირდაპირ მათ საჭიროებებს ეხმიანება.
შემდეგ ეტაპზე დამოწმებული პროექტები მოსწავლეებს ხმის მისაცემად წარედგინებათ. გამარჯვებული პროექტები კი სკოლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. Პროექტების განხორციელების მონიტორინგს განახორციელებენ მოსწავლეები და სასკოლო კომიტეტი, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ყველა ეტაპზე.
მოსწავლეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ინიციატივა ხელს უწყობს დემოკრატიული მონაწილეობის კულტურის დამკვიდრებას სკოლებსა და მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წ.წ. სამოქმედო გეგმისა და პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობა ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით.




