Back ახალგაზრდა იურისტები სოციალური სამართლიანობისთვის - იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალი თბილისში

ახალგაზრდა იურისტები სოციალური სამართლიანობისთვის - იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალი თბილისში

სამართლის ცხრამეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 2025 წლის 9–10 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბა, რათა მონაწილეობა მიეღოთ ევროპის სოციალური ქარტიის (ESC) შესახებ ორდღიან იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც ასახავდა სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის მიერ საქმის განხილვის პროცედურას. ღონისძიება ოთხდღიანი საზაფხულო სკოლის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ქარტიის, მისი მონიტორინგის მექანიზმებისა და ევროპის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვის შესახებ.

იმიტირებული სასამართლოს ფარგლებში, სტუდენტებმა მოამზადეს წერილობითი პოზიციები, წარადგინეს ზეპირი არგუმენტები და საჭიროებისამებრ გამოიყენეს ევროპის სოციალური ქარტიის სტანდარტები. იმიტირებულმა სასამართლო პროცესმა ხელი შეუწყო მათი იურიდიული მსჯელობის, არგუმენტირების და ადვოკატირების უნარების გაძლიერებას, ასევე წაახალისა კრიტიკული ანალიზი იმისა, თუ როგორ ურთიერთქმედებს ევროპული და ქართული სამართლებრივი ჩარჩოები სოციალური უფლებების დაცვისა და განვითარებისთვის.

კონკურსი შეაფასა მრავალფეროვანმა ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენელი, სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

ღონისძიებაზე საუბრისას, სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ტატიანა პიუიუმა აღნიშნა:

„ამ შესანიშნავ იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა, რომელმაც შესაძლებლობა მომცა შევხვედროდი საქართველოს მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა იურისტის მომავალ თაობას, მართლაც დიდი სიამოვნება იყო. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მათმა გამორჩეულმა უნარებმა, პროფესიონალიზმმა და ევროპის სოციალური ქარტიის ღრმა ცოდნამ. მონაწილეებმა არა მხოლოდ ძლიერი იურიდიული მსჯელობა გამოავლინეს, არამედ ნამდვილი ერთგულება იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, რომლებიც ევროპის სოციალურ უფლებებს საფუძვლად უდევს.

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს იურიდიული განათლების მომავლის მიმართ და ვაფასებ აკადემიური ინსტიტუტების, სტუდენტებისა და ორგანიზატორების ერთობლივ ძალისხმევას სოციალური უფლებების ცოდნისა და დაცვის ხელშეწყობისთვის. მსგავსი შეჯიბრებები მკაფიოდ შეგვახსენებს, რომ იურისტთა მომავალი თაობა მზადაა მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი სოციალური სამართლიანობის განვითარებას ევროპაში.“

იმიტირებულმა სასამართლო პროცესმა გააძლიერა სტუდენტთა უნარი, გამოიყენონ ESC-ის სტანდარტები კონკრეტულ იურიდიულ კონტექსტებში და გაზარდა მათი თავდაჯერებულობა ამ მექანიზმების მომავალ პრაქტიკაში გამოყენებისათვის.

გამარჯვებული გუნდი - ნანა მჭედლიშვილი, გვანცა ტაკაშვილი და ნინო ჯავახიშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, სასწავლო ვიზიტში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის მიზანია, გააღრმავოს სტუდენტების ცოდნა სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის მუშაობის შესახებ და გააძლიეროს მათი პრაქტიკული ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული მექანიზმების გამოყენებაში.

გამარჯვებულმა გუნდმა მათი გამოცდილების შესახებ აღნიშნა:

ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩვენთვის მართლაც უნიკალური გამოცდილება იყო. პროცესმა მოგვცა ფასდაუდებელი პრაქტიკული ცოდნა და საშუალება, რეალურ გარემოში გამოგვეცადა ჩვენი უნარები. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ექსპერტ მოსამართლეთა პანელს გაწეული ძალისხმევისა და კონსტრუქციული უკუკავშირისთვის.”

კონკურსმა არა მხოლოდ გამოავლინა სტუდენტთა შრომა და ნიჭი, არამედ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მომავალი იურისტების გაძლიერების მნიშვნელობას სოციალური უფლებების პრაქტიკული დაცვის საქმეში. მიღებული ცოდნის ადვოკატირებად გარდაქმნით, მონაწილეებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს საქართველოში ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის კულტურის განმტკიცების მიმართულებით.

იმიტირებული სასამართლო ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

თბილისი, საქართველო 9-10 ოქტომბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge