2024 წლის 16-17 დეკემბერს, ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტისთვის (ECSR) წარსადგენი საქართველოს ეროვნული ანგარიშის ხარისხის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. წარმოდგენილი ინიციატივის მიზანია შესაბამისი ეროვნული ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი ეროვნული ანგარიშს მომზადებას და კომიტეტისთვის მის დროულ წარდგენას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
სამუშაო შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს ECSR-ში მომავალში წარსადგენი ეროვნული ანგარიშების სიზუსტეზე და ეფექტურობაზე. რვა ეროვნული სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე იმსჯელეს ქარტიის მონიტორინგის სისტემის ბოლოდროინდელ რეფორმებზე და მათი მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრის წარმატება დიდწილად განაპირობა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის, კარინ ლუკასის, მონაწილეობამ. როგორც ECSR-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, მან მონაწილეებს მნიშვნელოვანი უკუკავშირი მიაწოდა, რაც დაეხმარა მათ ეროვნული ანგარიშის სამუშაო ვერსიის დახვეწაში და შინაარსის ECSR-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და ECSR-ის მიერ დასმულ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების მომზადებას, რამაც ხელი შეუწყო ეროვნული ანგარიშის ხარისხობრივად გაუმჯობესებას.
სამუშაო შეხვედრამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაწილეთა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანგარიშგების უნარები, რაც მათ საშუალებას მისცემს წარადგინონ უფრო ზუსტი და ამომწურავი მონაცემები. ამასთან, შესაძლებლობების განვითარების ამ ძალისხმევამ არა მხოლოდ გააუმჯობესა ეროვნული ანგარიშის ხარისხი, არამედ გააძლიერა საქართველოს ვალდებულება სოციალური უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიმართ, ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ასეთ ფორმატში ჩატარებული სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში სოციალური უფლებების ეფექტური მონიტორინგისა და სოციალური პოლიტიკის განხორციელების პროცესში მეტი ანგარიშვალდებულებების დანერგვაში.
სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.




