Back როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული ინიციატივების მდგრადობა? მენტორები ახალგაზრდული ლაბორატორიების მხარდაჭერის სტრუქტურიზებულ მიდგომას ავითარებენ

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული ინიციატივების მდგრადობა? მენტორები ახალგაზრდული ლაბორატორიების მხარდაჭერის სტრუქტურიზებულ მიდგომას ავითარებენ

2026 წლის 30 ივლისს, თბილისში გამართულ მენტორთა მეორე მრგვალ მაგიდაზე, საქართველოს მასშტაბით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ახალგაზრდული ლაბორატორიების მენტორებმა ცოდნა გაიღრმავეს ახალგაზრდების მოტივაციის, მონაწილეობისა და ადგილობრივ დონეზე მათი ინიციატივების მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდული ლაბორატორიების ინიციატივა, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა 2025 წელს წამოიწყო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების კეთილდღეობის საკითხებზე ადგილობრივი ინიციატივების შემუშავებაში ეხმარება. მენტორთა ქსელის მეშვეობით გამოცდილი პრაქტიკოსები ახალგაზრდულ ლაბორატორიებს პროფესიულ რჩევებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას აღმოუჩენენ.

შეხვედრაზე, ახალგაზრდული ლაბორატორიების მხარდაჭერის პროცესში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით,  მენტორებმა იმსჯელეს იმ ბარიერებსა და ხელშემწყობ ფაქტორებზე, რაც მენტორობის პროცესსა და ახალგაზრდების ჩართულობაზე ახდენს გავლენას. ამასთანავე, მონაწილეები სოციალური და ქცევითი ცვლილების მიდგომებს გაეცნენ, რათა უკეთ შეესწავლათ, რა უწყობს ან უშლის ხელს ახალგაზრდების მოტივაციას, კოლექტიურ მოქმედებასა და მდგრად მონაწილეობას. მენტორებმა განიხილეს კოლექტიური მოქმედების სოციალური იდენტობის მოდელი და მოტივაციური ინტერვიუირების მეთოდი, ასევე იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ამ ინსტრუმენტების ახალგაზრდული ლაბორატორიების რეალობასა და საჭიროებებზე მორგება.

„მენტორობის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე მსჯელობა, ასევე ინდივიდისა და ჯგუფის დონეზე სოციალური და ქცევითი ცვლილების მიდგომებისა და ინსტრუმენტების გაცნობა დამეხმარება, მომავალში მენტორობა უკეთ განვახორციელო,” აღნიშნა ერთ-ერთმა მენტორმა.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში ასევე გაგრძელდა მუშაობა მენტორობის ინსტრუმენტარიუმის შემუშავებაზე. აღნიშნული პრაქტიკული რესურსი გააერთიანებს ახალგაზრდული ლაბორატორიების ინიციატივის ფარგლებში დაგროვილ გამოცდილებას, კარგ პრაქტიკებს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინიციატივების მდგრადობას.

ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან არსებული მრავალდონიანი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმისა და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 30 ივლისი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge