Back იურიდიული კლინიკებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაძლიერებლად ნიდერლანდებში არსებულ გამოცდილებას გაეცნენ

იურიდიული კლინიკებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაძლიერებლად ნიდერლანდებში არსებულ გამოცდილებას გაეცნენ

ნიდერლანდებში სამდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კლინიკური იურიდიული განათლების პრაქტიკულ გამოცდილებას, ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ფორმებს. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საქართველოში ახლად შექმნილი იურიდიული კლინიკების საკოორდინაციო პლატფორმის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს იურიდიულ დახმარებას უწევენ.

ნიდერლანდების სამართლის სკოლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას მონაწილეები გაეცნენ საუნივერსიტეტო იურიდიული კლინიკების მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას. მათ განიხილეს კლინიკების მუშაობისა და ზედამხედველობის მოდელები, სტუდენტების ჩართულობა რეალურ საქმეებზე მუშაობაში და სტრატეგიული სამართალწარმოების გამოცდილება.

„განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სტუდენტების მაღალი ჩართულობა და ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი საკუთარ პროექტებზე მუშაობისას იღებენ. ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ პროფესიულ განვითარებას. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტზე ორიენტირებული, პრაქტიკულ გამოცდილებასა და გააზრებულ სწავლებაზე დაფუძნებული იურიდიული განათლება და რა მიდგომების დანერგვა შეგვიძლია საქართველოს უნივერსიტეტებში,“ - აღნიშნა ერთ-ერთი იურიდიული კლინიკის წარმომადგენელმა.

შეხვედრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა კერძო იურიდიულ კომპანიებთან თანამშრომლობა იყო. მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეუძლიათ იურიდიულ კლინიკებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კერძო იურიდიულ კომპანიებთან თანამშრომლობა საქმეების გადამისამართებისა და pro bono იურიდიული დახმარების მიმართულებით. დისკუსიები ასევე შეეხო მსხვერპლთა გამოცდილებისა და განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას, ასევე სამართლებრივი კვლევისა და სტრატეგიული ადვოკატირების გამოყენებას ქალთა მიმართ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის.

დელეგაცია ასევე გაეცნო ევროპის საბჭოს უკრაინისთვის ზიანის რეესტრის საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზიანის დოკუმენტირებისა და მოთხოვნების განხილვის პროცესში მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომაზე, ასევე ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო პროცედურების მნიშვნელობაზე, რომლებიც მსხვერპლთა განსხვავებულ გამოცდილებასა და საჭიროებებს ითვალისწინებს.

ვიზიტი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრით დასრულდა. შეხვედრაზე განიხილეს ნიდერლანდებისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობა, ასევე გენდერული თანასწორობისა და ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხები ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა პოლიტიკის ფარგლებში. დისკუსია ასევე შეეხო ნიდერლანდების მხარდაჭერას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებულია  ევროპის საბჭოს პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მართლმსაჯულების გაძლიერება და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

ნიდერლანდები 7-9 სექტემბერი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge