ევროპის საბჭოს პროექტის “დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფარგლებში გამოქვეყნებული საჭიროებების ანალიზი მიმოიხილავს, თუ როგორ ხორციელდება დემოკრატიული მონაწილეობა საქართველოს საჯარო სკოლებში და ავლენს ძირითად სხვაობებს პოლიტიკასა და პრაქტიკას შორის. ამავდროულად, კვლევა ასახავს პოლიტიკისა და პრაქტიკის რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს სკოლებში დემოკრატიული მონაწილეობის გაძლიერებას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ზრდას და მოსწავლეთა დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებას, რათა სკოლებმა სისტემურად დანერგონ დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკა საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში.
კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო, მათ შორის ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, და სხვა, მყარ საფუძველს ქმნის მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მონაწილეობისთვის სკოლის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. საჯარო სკოლებში, ასევე, მოქმედებს თვითმმართველი ორგანოები, რომლებიც ინკლუზიური მმართველობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ეს მექანიზმები პრაქტიკაში სისტემურად არ ხორციელდება, რაც ზღუდავს რეალურ მონაწილეობას. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, კვლევა რეკომენდაციას იძლევა, გაძლიერდეს აღსრულების მექანიზმები და ანგარიშვალდებულების სისტემები და მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მონაწილეობა სკოლის მმართველობის სტრუტურებში, როგორიცაა სამეურვეო საბჭოები და სკოლის თვითმმართველობები.
კვლევა 2024 წლის მაისი-სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და ეყრდნობა რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს საქართველოს 61 საჯარო სკოლიდან. გამოკითხვებში მონაწილეობა მიიღო 6 545-მა მოსწავლემ, მშობელმა, მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ხოლო ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები 63 რესპონდენტთან ჩატარდა. კვლევის პროცესში ასევე გამოყენებულია ქცევითი მეცნიერების მიდგომები იმის უკეთ გასააზრებლად, თუ რა განაპირობებს განზრახვებსა და რეალურ ქცევას შორის არსებულ სხვაობას. აღნიშნულმა მიდგომებმა შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ სტრუქტურული შეზღუდვების, არამედ მოტივაციასა და ცნობიერებასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებაც.
საერთო სასკოლო მიდგომის გამოყენებით, ანგარიში აანალიზებს მოსწავლეთა მონაწილეობას სწავლებისა და სწავლის პროცესში, სკოლის მმართველობასა და კულტურაში, ასევე თემთან თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები აცნობიერებენ დემოკრატიული მონაწილეობის მნიშვნელობას და არსებობს წარმატებული პრაქტიკის მაგალითები, მოსწავლეთა ჩართულობა სწავლებისა და სწავლის პროცესების ფორმირებაში კვლავ დაბალია. მონაწილეობა უფრო მეტად მაღალია კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში, მაშინ როცა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობა შედარებით ნაკლებია.
ანგარიში მოსწავლეთა მონაწილეობის ძირითად ბარიერებად ასახელებს უფლებების შესახებ დაბალ ცნობიერებას, შეზღუდულ ადამიანურ შესაძლებლობებს და მოტივაციას, მონაწილეობის შესაძლებლობების ნაკლებობას და სტრუქტურულ შეზღუდვებს, განსაკუთრებით მცირე ზომის სკოლებში. ადგილობრივ თემთან თანამშრომლობის მიმართულება ასევე არასაკმარისად არის განვითარებული. ამ მიმართულებით, კვლევა რეკომენდაციას იძლევა გაძლიერდეს მშობლების სტრუქტურირებული და რეგულარული ჩართულობა, მათთვის უფრო მკაფიო როლებისა და ინსტრუქციების განსაზღვრის გზით და გაძლიერდეს პარტნიორობა ადგილობრივი თემის აქტორებთან.
კვლევაში გამოვლენილი პოლიტიკასა და პრაქტიკას შორის არსებული სხვაობები და შემუშავებული პრაქტიკული რეკომენდაციები გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს პროექტის “დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ იმპლემენტაციის პროცესში, რომელიც მხარს უჭერს სკოლებს დემოკრატიული სასკოლო მმართველობის გაძლიერებაში საერთო სკოლის მიდგომის გამოყენებით და სკოლებსა და ადგილობრივ თემებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მოსწავლეთა მონაწილეობის მეტი შესაძლებლობების შექმნაში.




