Back მომავალი იურისტები გენდერული თანასწორობის ადვოკატირების საკითხებში არიან ჩართულნი

მომავალი იურისტები გენდერული თანასწორობის ადვოკატირების საკითხებში არიან ჩართულნი

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირების გაძლიერება იყო ხუთდღიანი ზაფხულის სკოლის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა. საზაფხულო სკოლა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს მიერ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროგრამაში, რომელმაც თეორია და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გააერთიანა, სულ ოცმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დარგის ექსპერტებთან ერთად გამართულ დისკუსიებსა და სამუშაო სესიებში. სესიების ძირითადი ფოკუსი იყო ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ (სტამბოლის კონვენცია), სტრატეგიული სამართალწარმოება, ინტერსექციური დისკრიმინაცია და ქალებისა და გოგონების მიმართ  ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იურიდიულ პრაქტიკაში მსხვერპლზე ორიენტირებულ და ტრავმაზე ორიენტირებულ მიდგომებს, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უკეთ დაეხმარონ და დაიცვან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სასამართლო პროცესების განმავლობაში.

მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ინტერაქტიულ სესიებში ქცევითი ცვლილებების შესახებ და ემსჯელათ თუ რატომ არ იქცევიან ადამიანები – მათ შორის იურისტებიც – ყოველთვის რაციონალურად. მათ შეისწავლეს მიდგომები, რომლებიც ეფუძნება ქცევითი ცვლილების მეცნიერებას და მათ, როგორც იურისტებს/მომავალ იურისტებს, დაეხმარება უფრო სამართლიანი და თანასწორობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

საზაფხულო სკოლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი აქტივობა იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეყენებინათ გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი მსჯელობა და ადვოკატირების უნარები პრაქტიკული სავარჯიშოს გზით.

„ჩემს მომავალ საქმიანობაში ვეცდები ყოველთვის გამოვიყენო მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქოსოციალურ საჭიროებებს. ამასთანავე, გამოძიების თუ სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში, ვეცდები სათანადო პატივისცემით და შესაბამისი კომუნიკაციის ხერხების გამოყენებით ვიკონტაქტო მსხვერპლთან, და დავუსვა მას მხოლოდ საქმისთვის რელევანტური და აუცილებელი კითხვები.“ - აღნიშნა საზაფხულო სკოლის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ზაფხულის სკოლის განმავლობაში, სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ესწავლათ როგორც თანატოლებისგან, ისე დარგის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან. ინტერაქტიული სესიებისა და არაფორმალური აქტივობების მეშვეობით, სტუდენტებმა განავითარეს პროფესიული კავშირები და იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ელენა იოვანოვსკა-ბრეზოსკამ აღნიშნა: „ახალგაზრდების გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო და ანგარიშვალდებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.“

საზაფხულო სკოლის შემდეგ, მონაწილეები კვლავ ჩაერთვებიან გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ სხვადასხვა ინიციატივაში. ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სამომავლოდ, სტუდენტებს მხარს დაუჭერს აკადემიური სტატიების შემუშავებაში მენტორინგის მეშვეობით დარგის ექსპერტებთან ერთად. შერჩეული სტატიები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის იურიდიულ ჟურნალში გამოქვეყნდება.

ღონისძიება განხორციელდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

 

კახეთი, საქართველო 28 ივლისი - 1 აგვისტო, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge