Back მოსწავლეთა ხმიდან რეალურ ცვლილებებამდე: როგორ იღებენ მონაწილეობას მოსწავლეები სასკოლო და სათემო ცხოვრების ცვლილებაში

მოსწავლეთა ხმიდან რეალურ ცვლილებებამდე: როგორ იღებენ მონაწილეობას მოსწავლეები სასკოლო და სათემო ცხოვრების ცვლილებაში

„პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ ინიციატივად. მივხვდით, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობას ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება“.

ამბროლაურის №1 საჯარო სკოლის მოსწავლის ეს სიტყვები მის პირად გამოცდილებას ეფუძნება. სხვა მოსწავლეებთან ერთად, მათ დამოუკიდებლად დაგეგმეს და განახორციელეს სათემო პროექტები, ასევე, ინტელექტუალური შეჯიბრი ხუთი სკოლის მონაწილეობით, და საკუთარი იდეები რეალობად აქციეს. აღნიშნული გამოცდილება ცხადად აჩვენებს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც ახალგაზრდებს ენდობიან და მათ აძლევენ არა მხოლოდ მონაწილეობის, არამედ ლიდერობის შესაძლებლობას.

ეს ერთ-ერთია იმ მრავალ გამოცდილებას შორის, რომლებიც სკოლებმა 2026 წლის ოქტომბერში ქობულეთში გამართულ შედეგების გაზიარებისა და მოსწავლეთა ინიციატივების კონფერენციაზე წარადგინეს, რომელშიც 42 პარტნიორი სკოლიდან დაახლოებით 170 სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელი მონაწილეობდა (მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები). კონფერენცია ევროპის საბჭოს პროექტის “დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში" ფარგლებში იყო ორგანიზებული.

კონფერენციაზე შეჯამდა საქართველოს მასშტაბით სკოლებისთვის გაწეული სამი სემესტრის მხარდაჭერა მოსწავლეთა მონაწილეობის პრაქტიკის დანერგვაში და სკოლებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმოედგინათ თავიანთი შედეგები და მიღწევები. პროექტის 55 პარტნიორ სკოლაში სასკოლო თემის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს და განახორციელეს მოსწავლეთა მონაწილეობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, რომელთა ფარგლებშიც 1000-მდე აქტივობა ჩატარდა და 30 000-ზე მეტი სკოლისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელი ჩაერთო. შედეგები აჩვენებს, რომ ცვლილებები გასცდა არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებს და ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების განმსაზღვრელ გადაწყვეტილებებზეც მოახდინა გავლენა, სამოქმედო გეგმებზე მუშაობის მონაწილეობითმა და თანამშრომლობითმა პროცესმა გააძლიერა სკოლებში თანამშრომლობა, მიკუთვნებულობისა და პასუხისმგებლობის განცდა და ქმედებების დაგეგმვის კომპეტენციები.

საქართველოს მასშტაბით მონაწილე სკოლებში მოსწავლეები პოულობენ გზებს, რომ იდეები მოქმედებად აქციონ. თბილისის N43 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ახლა უკვე აქვთ ფორმალური პროცედურა, რომლითაც შეუძლიათ თავიანთი იდეები და წინადადებები წარუდგინონ სკოლის სამეურვეო საბჭოს და შესაბამისად, მათი ჩართულობა სხდომის ოქმებში აისახოს. მოხეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა წარმატებით შეძლეს თანატოლგანმანათლებლობის კომპონენტის სკოლის შინაგანაწესში ინტეგრირების ადვოკატირება. შედეგად, მოსწავლეების იდეები გამოხატულია არა მხოლოდ სასკოლო დისკუსიებში, არამედ იმ წესებსა და პროცესებშიც, რომლებიც სკოლის ცხოვრებას წარმართავს.

ფოთის N3 საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შედეგად სკოლის ეზოში შშმ პირებზე ადაპტირებული სკამები დაიდგა. საჩხერის N1 საჯარო სკოლაში კი ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად სკოლის წინ საგზაო უსაფრთხოების ნიშანი დამონტაჟდა. ამ ცვლილებების უკან ასევე დგანან მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები, რომლებიც სწავლობენ, როგორ შექმნან მეტი შესაძლებლობები მოსწავლეთა ინიციატივებისთვის. როგორც საჩხერის N1 საჯარო სკოლის ერთმა მასწავლებელმა განმარტა: „ვისწავლე ფასილიტაცია და მოსწავლეთა იდეების ისე მხარდაჭერა, რომ მათთვის დამოუკიდებლობა არ შემეზღუდა“.

სკოლებს შორის მიღწევებისა და შედეგების გაზიარებამ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოტივაცია გაზარდა. კონფერენციაზე მონაწილეთა 98%-მა აღნიშნა, რომ გაიზარდა მათი მოტივაცია, ხელი შეუწყონ მოსწავლეთა მონაწილეობასა და ინიციატივებს, ხოლო 80%-მა ხაზი გაუსვა, რომ მათ სკოლებში მოსწავლეებს ახლა მეტი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისთვის.

პროექტის შედეგებისა და მიღწევების გაზიარებასთან ერთად, კონფერენციის ფარგლებში ასევე მოხდა მოსწავლეთა ინიციატივების პროგრამის წარდგენა, რომელიც მხარს დაუჭერს მოსწავლეების მიერ ინიცირებულ ინიციატივებს, რომლებიც სკოლებისა და ადგილობრივი თემის ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებებს უპასუხებს მონაწილეობის მიმართულებით და დემოკრატიული კულტურის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. კონფერენციაზე ასევე მოხდა პროგრამის ახალი ციფრული, გეიმიფიცირებული ვებ-რესურსის წარდგენა. სიმულაციურ სესიებზე,, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ხელმძღვანელების შერეულმა ჯგუფებმა ერთად გაიარეს პროექტის სრული ციკლი, ერთიანი სასკოლო მიდგომის გამოყენებით. კონფერენციის დასრულებისას, მონაწილეთა 94%-მა აღნიშნა, რომ გაიზარდა მათი ცოდნა მოსწავლეთა ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ, ხოლო 96%-მა ხაზი გაუსვა, რომ მზად არის, მიღებული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში გამოიყენოს.

დემოკრატია მხოლოდ სახელმძღვანელოებიდან არ ისწავლება. ის ყალიბდება მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს ენდობიან და პასუხისმგებლობას უზიარებენ, როდესაც მათი იდეები გათვალისწინებულია და როდესაც მათ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს. პროექტის პარტნიორ სკოლებში მოსწავლეები საკუთარი გამოცდილებით ხედავენ, თუ რას ნიშნავს მონაწილეობა პრაქტიკაში – არა უბრალოდ ხმის ქონას, არამედ იმის სწავლას, როგორ გამოიყენონ თავიანთი ხმა ცვლილებებისთვის.

კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის “დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოსა და საქართველოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით.

ქობულეთი, საქართველო 19 ოქტომბერი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge