Back ხელოვნური ინტელექტი და გენდერული თანასწორობა - საჯარო ლექცია თანამედროვე ტექნოლოგიებში გენდერული მიკერძოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ხელოვნური ინტელექტი და გენდერული თანასწორობა - საჯარო ლექცია თანამედროვე ტექნოლოგიებში გენდერული მიკერძოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

2024 წლის 18 სექტემბერს, დოქტორი სილვია სემენცინის[1] საჯარო ლექციამ თბილისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები შეკრიბა. მომხსენებელმა ისაუბრა ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებულ რისკებზე და მის პოტენციალზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში. ლექციის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩადენილ გენდერულ ძალადობაზე მსჯელობას.

თავის მისასალმებელ სიტყვაში, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სვეტისლავ პაუნოვიჩმა, ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს როლს ციფრულ გარემოში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვასა და ხელშეწყობაში. „ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ ხელოვნური ინტელექტის ისეთ გამოყენებას, რომელიც ევროპის საბჭოს სტანდარტების პოპულარიზაციისა და დაცვისაკენ იქნება მიმართული, და არა პირიქით,“ - განაცხადა ბ-ნ პაუნოვიჩმა. მან ასევე აღნიშნა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც პირველი გლობალური იურიდიულად სავალდებულო ინსტრუმენტი გახლავთ ამ სფეროში და დასძინა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს იმ პირველ შვიდი წევრ შორის ერთ-ერთია, ვინც ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

ლექციის მონაწილეებმა განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ქალთა მიმართ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობის მხრივ არსებობს, იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა კიდევ უფრო გაამწვავონ გენდერული დისკრიმინაცია და მიკერძოება. ლექციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ფემინისტური ხელოვნური ინტელექტის ძირითადი პრინციპები, რომლის მეშვეობითაც მომხსენებელმა ხაზი გაუსვა თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის განვითარება და  ინკლუზიურობისა და თანასწორობის ხელშესაწყობად გამოყენება.

აუდიტორია აქტიურად ჩაერთო კონკრეტული მაგალითების განხილვაში, იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ერთის მხრივ, გენდერული მიკერძოების გასაძლიერებლად, ხოლო მეორეს მხრივ, გენდერული თანასწორობის ხელშემწყობ ინსტრუმენტად. მონაწილეებმა ასევე განიხილეს სტრატეგიები ტექ-კომპანიებისთვის და ტექ-სფეროს ექსპერტებისთვის, იმსჯელეს როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დანერგვას, რაც საბოლოო ჯამში გენდერულ თანასწორობას გააძლიერებს.

„დღეს მიღებულმა ინფორმაციამ თვალი ამიხილა ხელოვნური ინტელექტის კრიტიკულ როლზე, როგორც გენდერული უთანასწორობის გამწვავების, ასევე აღმოფხვრის კუთხით. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო კონკრეტული მაგალითების განხილვა, რამაც ნათლად დამანახა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში“, - აღნიშნავს თამთა ჟღენტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტი.

ღონისძიება განხორციელდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

 

[1] დოქტორი სილვია სემენცინი არის იტალიელი აქტივისტი, ავტორი და მეცნიერი, ცნობილი ონლაინ გენდერული ძალადობის საკითხებზე მუშაობით. ამჟამად, იგი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში დოქტორანტურის შემდგომი კვლევითი სტიპენდიანტის სტატუსით მუშაობს და იკვლევს ციფრულ უფლებებს და ტექნოლოგიის გამოყენებით ჩადენილ გენდერულ ძალადობას, განსაკუთრებული აქცენტით პლატფორმების შესაძლებლობებსა და მათ კავშირს გენდერთან.

 

თბილისი, საქართველო 18 სექტემებრი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge