Back ვაძლიერებთ თანამშრომლობას ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა შორის

ვაძლიერებთ თანამშრომლობას ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა შორის

2023 წლის 15-17 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბულგარეთში. სასწავლო ვიზიტის თემა იყო: ციფრული საშუალებები საარჩევნო პროცესებში - მიღებული გამოცდილება, გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.  

სასწავლო ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სფეროში ციფრული ეპოქის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ გზებზე. საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის, რადგან, როგორც ცნობილია, იგეგმება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ქვეყნის სრული მასშტაბით ახალი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარება.

საარჩევნო მოხელეთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე. დელეგაციას უმასპინძლა ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა კამელია ნეიკოვამ და ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა წევრებმა.

სასწავლო ვიზიტი აღმოჩნდა ეფექტიანი დიალოგის პლატფორმა მაღალი დონის საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის მოსაზრებათა ურთიერთგაცვლისათვის. ბულგარეთის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საინფორმაციო სერვისების უწყების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გააცნეს ბულგარეთის საარჩევნო სისტემა. ყურადღება გამახვილდა ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების პროცესთან დაკავშირებულ დადებით და უარყოფით მხარეებზე. ურთიერთგაცვლა ხელს შეუწყობს ეროვნული საარჩევნო პროცესების ევროპულ სტანდარტებთან მეტად დაახლოებას, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და არჩევნების სფეროში.

სასწავლო ვიზიტის დროს თანმდევი საკითხები გახლდათ: ელექტრონული მანქანების გამოყენებისას ამომრჩეველთა ქცევის ცვლილება, არსებულ საინფორმაციო სერვისებზე წვდომა, საინფორმაციო და კიბერ უსაფრთხოება, თანმდევი რისკების დაზღვევა და სხვა.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის  „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

სოფია, ბულგარეთი 15-17 ნოემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge