Back მოსწავლის ხმის გაძლიერება: ევროპის საბჭომ პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“ შეაჯამა

მოსწავლის ხმის გაძლიერება: ევროპის საბჭომ  პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“ შეაჯამა

2023 წლის 6 დეკემბერს, ევროპის საბჭომ ეროვნული კონფერენცია „დემოკრატია იწყება სკოლებში - მოსწავლის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ გამართა, სადაც განათლების სისტემაში დემოკრატიული მონაწილეობის კულტურის გაძლიერებისთვის გაწეული სამუშაოს წინასწარი შედეგები წარმოადგინა.

ღონისძიებამ  მონაწილეთა მრავალფეროვანი ჯგუფი შეკრიბა: სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები, განათლების ექსპერტები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროპის საბჭოს პროექტის შედეგების შესახებ, დაათვალიერეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროექტების გამოფენა და მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მოსწავლის ხმის მნიშვნელობა, დემოკრატიული მონაწილეობის კულტურის განვითარება და საერთო სასკოლო მიდგომის განხორციელება.

დღე გამოფენით "დემოკრატია იწყება ჩემი ხმით" დაიწყო, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ დახმარებით, წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ ინიცირებული და განხორციელებული შთამაგონებელი პროექტები. პროექტების ნაწილი მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასა და დისკრიმინაციის შემცირებას სასკოლო სივრცესა და თემში, თვითმმართველობის დემოკრატიული მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას, სასკოლო ბიბლიოთეიკა და სტემ მიმართულების გაუმჯობესებას, მიუსაფარი ცხოველების საკითხებს და ა.შ. მოსწავლეებმა რესურსების მობილიზება სასკოლო ბიუჯეტის მოთხოვნით, კერძო ბიზნესსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით შეძლეს.

კონფერენცია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ბარბარა ბონიმ და ევროპის საბჭოს განათლების დეპარტამენტის ფორმალური და არაფორმალური განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა სარა კიტინგმა გახსნეს.

პირველი სესია მოსწავლის ხმის მნიშვნელობას მიეძღვნა. პროექტის უფროსმა ოფიცერმა თამუნია ჭინჭარაულმა მიმოიხილა ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ წინასწარი შედეგები. სესიაზე ასევე გაიმართა მოსწავლეების პრეზენტაციები, სადაც ხაზგასმული იყო მოსწავლეების მონაწილეობის მნიშვნელობა.

სკოლის დირექტორთა პანელმა გამოიკვლია სკოლებში დემოკრატიული მონაწილეობის კულტურის განვითარების პრაქტიკული გზები და გაუზიარა საუკეთესო პრაქტიკა სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობების შესაქმნელად. პანელისტებმა ხაზი გაუსვეს იმ გადამწყვეტ როლს, რომელსაც ასრულებენ სკოლის ლიდერები სკოლებში დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებაში.

ევროპის საბჭოს საერთო სასკოლო მიდგომის დემონსტრირება სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ პანელში შედგა. დირექტორებმა, მასწავლებელმა, მოსწავლემ და მშობელმა ერთად ისაუბრეს პილოტირების ფაზაში სკოლის სამოქმედო გეგმებზე მუშაობისას მიღებულ გამოცდილებაზე  და ხაზი გაუსვეს ამ პროცესის უნიკალურობას საქართველოს კონტექსტში.

დასკვნითი სესია ფოკუსირებული იყო თანატოლთა სწავლასა და სკოლებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე. ევროპის საბჭოს პროექტის მხარდაჭერით შექმნილ „განათლება დემოკრატიისთვის“ სასკოლო ქსელში გაწევრიანებული სკოლების წარმომადგენლებმა თავიანთი პროექტები წარადგინეს. კონფერენციის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ ქართული სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების მოლდოვის რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტის შედეგად დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ევროპის საბჭოს პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“ 2022 წლის მარტიდან აქტიურად მუშაობს საქართველოს სკოლებსა და თემებში მოსწავლეთა მონაწილეობის გასაუმჯობესებლად. ამ პერიოდის განმავლობაში, შემუშავდა და საქართველოს მასშტაბით 20 სკოლაში პილოტირებული იქნა მოსწავლეთა მონაწილეობის პრაქტიკული მეთოდოლოგიური გზამკვლევი. შეიქმნა და ჩაეშვა პროფესიული განვითარების პროგრამა სახელწოდებით „დემოკრატიული სკოლის განვითარება“, რომელშიც ჩაერთო სკოლის ადმინისტრაციის 54 წევრი და 54 მასწავლებელი. 64 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საზაფხულო აკადემიაში „დემოკრატია იწყება ჩემი ხმით“, რომელიც ფოკუსირებული იყო დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებზე, მონაწილეობის მნიშვნელობასა და პროექტების მართვის უნარებზე. მოლდოვაში სასწავლო ვიზიტი მოეწყო განათლების 20 პროფესიონალისთვის, რათა მოეპოვებინათ ცოდნა და ესწავლათ თანატოლების გამოცდილებიდან. საგრანტო კონკურსის შედეგად, პროექტმა სამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას და ერთ უნივერსიტეტს მხარი დაუჭირა საპილოტე სკოლებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას შეუქმნის სკოლის მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩაერთონ თავიანთ სკოლებსა და თემებში.

კონფერენციის დროს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროექტისა და მისი აქტივობების მნიშვნელობას და აქტუალობას საქართველოს განათლების ფართო რეფორმების კონტექსტში, რომელიც სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებაზე, ადამიანის უფლებების შესახებ განათლებაზე, სწავლებისა და სწავლის საკითხებში მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებზე და დემოკრატიული, უსაფრთხო და ინკლუზიური სასკოლო კულტურის შექმნაზე. პროექტი განსაკუთრებით დაფასდა სკოლებისადმი მხარდაჭერისთვის საქართველოში მიმდინარე სკოლების ავტორიზაციის პროცესის კონტექსტში და „მოსწავლის მხარდაჭერის“ სტანდარტის მიღწევაში.

 

*პროექტს „დემოკრატია იწყება სკოლებში - მოსწავლის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ახორციელებს ევროპის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 6 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge