1-3 აგვისტოს ევროპის საბჭოს ახალგაზრდულმა ბანაკმა პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობითი დემოკრატიის თემის ირგვლივ გააერთიანა 29 ახალგაზრდა. ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას სამოქალაქო მონაწილეობითი მეთოდოლოგიების, ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდების მონაწილეობის წარმატებული და ინოვაციური პრაქტიკებისა და მათ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზების შესახებ.
ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენელმა მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ 2020−2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტში ვიზიტმა ახალგაზრდებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ პარლამენტის საქმიანობასა და მოქალაქეების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს.
3-დღიანი ახალგაზრდული ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს, რომლებიც არიან აქტიური მოქალაქეები ან წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების გზების შესახებ მნიშვნელოვან მუნიციპალურ თემებთან დაკავშირებით „Uchange“ მეთოდოლოგიის გამოყენებით და შეესწავლათ ადვოკატირების ტექნიკები, ინფორმაციის საზოგადოებისთვის ეფექტურად მიწოდების მიზნით.
ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც ასევე მოიცავდა ევროპის საბჭოს საინფორმაციო კამპანიის „შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი“ ელემენტებს, აერთიანებდა ინტერაქციულ დისკუსიებს, თამაშებს, პრეზენტაციებსა და კრეატიულ სემინარებს, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდებმა შეიძინეს საჭირო უნარ-ჩვევები, რათა აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უფრო მეტიც, თანატოლებთან სწავლის გამოცდილებამ თანამოაზრე ახალგაზრდებს საშუალება მისცა, გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა, იდეები და უნარები, შეეძინათ ახალი მეგობრები და პროფესიული კონტაქტები.
„ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში გავიცანი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცდილობენ სცენარის შეცვლას უკეთესობისკენ. თანამოაზრეების შეძენა სამომავლო პერსპექტივებსაც აჩენს, რომელიც ახალგაზრდებს კოორდინაციის საშუალებას მოგვცემს და ერთობლივი ძალებითა თუ იდეებით დასახულ მიზნებს მივაღწევთ უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე. მადლობა ევროპის საბჭოს ამ შესაძლებლობისთვის. მჯერა, რომ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც უკეთეს ქვეყანას შექმნის, თუმცა ჯერ საკუთარი თავიდან ვიწყებთ!“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ თბილისიდან.
ახალგაზრდულ ბანაკში მიღებული ცოდნიდან გამოვარჩევდი სამაგიდო თამაშს “Uchange” მეთოდოლოგიას, რომელიც ძალიან საინტერესო და პრაქტიკული მეთოდია სამოქალაქო ჩართულობისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თეორიულ ცოდნას ვამყარებდით პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ქვიზებით. მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება ინიციატივების შემუშავებისა და პროექტებზე მუშაობის პროცესში, რათა უკეთესობისკენ შევცვალო გარემო ჩემს თემში” - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ ბორჯომიდან.
ახალგაზრდული ბანაკი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.