Back ევროპის საბჭო მხარს უჭერს მოსწავლეთა მონაწილეობას საქართველოს სკოლებში

ევროპის საბჭო მხარს უჭერს მოსწავლეთა მონაწილეობას საქართველოს სკოლებში

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, თბილისში ორდღიანი სამუშაო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს 44 სკოლის 120 წარმომადგენელმა.  კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა ჩართულობის განხილვა როგორც სკოლაში, ისე თემში გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. კონფერენცია სკოლებისთვის იქცა შესაძლებლობად, შეეფასებინათ საკუთარი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესები, გაეზიარებინათ მიღწევები და გამოწვევები, და გაეძლიერებინათ თანატოლგანმანათლებლობა და თანამშრომლობა.

კონფერენცია მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს. მათი უკუკავშირის მიხედვით, მონაწილეთა 97%-მა შეძლო ახალი იდეების გენერირება, 96%-მა აღნიშნა, რომ ღონისძიებამ ხელი შეუწყო გამოცდილების გაზიარებას სკოლებს შორის, ხოლო იგივე პროცენტმა აღნიშნა, რომ კონფერენციამ გაზარდა მათი მოტივაცია, შთააგონა ახალი იდეები მომავალი სემესტრისთვის და გააღრმავა მათი წარმოდგენა მოსწავლეთა მონაწილეობის შესახებ ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტების კონტექსტში. გარდა ამისა, 89%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობამ გაზარდა მათი ცოდნა სტრატეგიების შესახებ, რომლებიც საჭიროა საზოგადოებრივი და გარე რესურსების იდენტიფიცირებისა და გამოყენებისთვის სასკოლო პროექტებში. მონაწილეთა 79%-მა გამოხატა მაღალი ჩართულობა და დაინტერესება პრაქტიკული და კონტექსტზე მორგებული სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა ინტერაქტიულ სესიებსა და თემატურ სამუშაო შეხვედრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მოსწავლეთა მონაწილეობა და ინიციატივები, მედიაწიგნიერება, პროექტის მართვა, მშობელთა ჩართულობა, სამოქმედო გეგმების შესაბამისობა განათლების ეროვნულ სტანდარტებთან, რესურსების მობილიზაცია და ახალი სამოქმედო გეგმების შემუშავება. თემები შერჩეული იყო მონაწილე სკოლების ინტერესებისა და საჭიროებების საფუძველზე, რომლებიც წინასწარი გამოკითხვის შედეგად განისაზღვრა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში, მათ შორის როლურ თამაშებში, საგამოფენო ფორუმებსა და გაცნობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობ აქტივობებში, რომლებიც მიზნად ისახავდა დიალოგის წახალისებასა და გამოცდილებისა და იდეების გაზიარებას. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი  „მსოფლიო კაფეს“ (World Café) სესია იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ახალი სტრატეგიების დაგეგმვას და სკოლებს შორის მდგრადი პარტნიორობების ჩამოყალიბებას.

კონფერენციის შედეგები და შეხედულებები მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება სკოლების სამოქმედო გეგმების შემდგომი ეტაპის შემუშავებისა და განხორციელებისთვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის “დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოსა და საქართველოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით. მონაწილე 44 სკოლა იმ 61 სკოლას შორისაა, რომელსაც ევროპის საბჭო პროექტის ფარგლებში მხარს უჭერს მოსწავლეთა მონაწილეობის საერთო სასკოლო მიდგომის გზით გაძლიერებაში.

 

 

 

თბილისი, საქართველო 19-20 ივლისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge