დღეს ევროპის საბჭოს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის კონვენციის მხარეთა კომიტეტმა (ლანსაროტეს კომიტეტი) გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი ანგარიში თემაზე: „ბავშვთა დაცვა სექსუალური ძალადობისგან ნდობის წრეში“.
ანგარიში იკვლევს, თუ როგორ შეუძლია ლანსაროტეს კონვენციის 48 მონაწილე სახელმწიფოს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი სამართლებრივი ჩარჩო ძალადობის უკეთ პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის მიზნით. იგი ზომავს 2015 წელს პირველი მონიტორინგის ანგარიშის შემდეგ მიღწეულ პროგრესს, რომელიც 26 ქვეყანას მოიცავდა.
„არცერთმა ბავშვმა უნდა იგრძნოს საფრთხე იმ წრეში, რომელიც მის დასაცავად არის განკუთვნილი. ჩვენი ანგარიშით მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, აღმოფხვრას დარჩენილი ხარვეზები და ყველა გარემო უსაფრთხო და სანდო ადგილად აქციოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ლანსაროტეს კომიტეტის თავმჯდომარემ, მარია ხოსე კასტელო-ბრანკომ.
სექსუალური ძალადობა ნდობის წრეში
ანგარიში მიესალმება 2015 წლიდან მიღწეულ პროგრესს, რადგან რამდენიმე მხარემ აღიარებული ნდობის, ავტორიტეტის ან გავლენის მქონე პირების მიერ ყველა ასაკის ბავშვთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადა. ლანსაროტეს კომიტეტი მოუწოდებს იმ მხარეებს, რომლებიც დაცვის ამ მექანიზმს მხოლოდ ძალიან კონკრეტული გარემოებების შემთხვევაში მიმართავენ ან მხოლოდ სექსუალური აქტივობისთვის კანონით დადგენილ ასაკამდე მიუღწეველ ბავშვთა უფლებებს იცავენ, მიჰყვნენ ამ მაგალითს.
რაც შეეხება ოჯახურ კონტექსტში სექსუალურ ძალადობას, მხარეთა უმეტესობა უზრუნველყოფს, რომ სავარაუდო დამნაშავის სახლიდან გარიდება შესაძლებელი იყოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც კი. ლანსაროტეს კომიტეტი მოუწოდებს იმ მხარეებს, რომლებსაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლი ბავშვი ოჯახურ გარემოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაცილონ, თუ სავარაუდო დამნაშავის გარიდება სათანადოდ ვერ ან არ იცავს ბავშვს.
კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაიცვან ბავშვები ყველა სახის სერიოზული ზიანისგან, მათ შორის ფიზიკური კონტაქტის გარეშე სექსუალური აქტივობისგან, როგორიცაა სექსუალური შევიწროება.
მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება
2015 წლიდან პროგრესი შეინიშნება გამოძიებისა და სამართალწარმოების დროს მსხვერპლ ბავშვთა დაცვის კუთხით:
- სამართალწარმოება შეიძლება დაიწყოს მსხვერპლის საჩივრის გარეშე ლანსაროტეს კომიტეტის წევრ 18%-ზე მეტ ქვეყანაში. თუმცა, 48-დან 9 მონაწილე მხარე კვლავ მოითხოვს მსხვერპლისგან საჩივრის შეტანას, რაც მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის, განსაკუთრებით იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც შეიძლება არ შეეძლოთ ან არ სურდეთ ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- სისხლის სამართლის საქმის მოსმენაზე პირდაპირი მონაწილეობის ნაცვლად, ბავშვის მიერ წინასწარ მიცემული ჩვენების ჩანაწერის გამოყენება 35%-ზე მეტი მონაწილე მხარის მიერაა დაშვებული. თუმცა, 48-დან 21 ქვეყანა კვლავ არ აკეთებს ამას.
- წინა პერიოდში არსებული ექვსი ქვეყნის ნაცვლად, დღეს ოცდარვა ქვეყანა უკვე იყენებს ბარნაჰუსის მოდელს, რათა თავიდან აიცილოს მსხვერპლი ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაცია და უზრუნველყოს მათი ეფექტური მონაწილეობა მართლმსაჯულების პროცესში.
ბავშვებისთვის საჭირო განათლება და მხარდაჭერა
იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებმა შეიძლება სხვა ბავშვებთან ერთად მავნე სექსუალურ ქცევაში მიიღონ მონაწილეობა, კომიტეტი მოითხოვს მხარეებისგან ყოვლისმომცველი განათლების უზრუნველყოფას, რათა დაეხმარონ ბავშვებს მავნე სექსუალური აქტივობების ამოცნობასა და თავიდან აცილებაში, ასევე, მსხვერპლის სტატუსის შემთხვევაში, მხარდაჭერაზე წვდომაში.
ხელახალი დანაშაულის პრევენცია
ბავშვებთან კონტაქტის მქონე პროფესიონალებისა და მოხალისეების ნასამართლეობის ჩანაწერების სისტემატური და რეგულარული შემოწმება მსჯავრდებული დამნაშავეებისგან მათი მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს. კომიტეტი რეკომენდაციას უწევს მხარეებს, შექმნან და გააუმჯობესონ მსჯავრდებული დამნაშავეების ზედამხედველობის მექანიზმები.
ლანსაროტეს კომიტეტი გააგრძელებს მუშაობას ნდობის წრეში ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის გაძლიერების მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიონალებსა და მოხალისეებს. კომიტეტი, რამდენიმე წლის შემდეგ, შესაბამისობის პროცედურაზე დაყრდნობით, შეისწავლის ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებას.
ლანსაროტეს კონვენცია საქართველოსთვის 2015 წელს შევიდა ძალაში. ანგარიშში თვალსაჩინოდ არის ასახული მდგომარეობა საქართველოში და განსაზღვრულია რეკომენდაციები, რომლებსაც ლანსაროტეს კომიტეტი, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც სთავაზობს.
ბმულები
რეზიუმე და რეკომენდაციების სია რამდენიმე ენაზე
ევროპის საბჭოს პროექტი „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“




