Back დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნული ცენტრის და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლები იტალიის მოზარდთა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო სერვისებს გაეცნენ

დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნული ცენტრის და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლები იტალიის მოზარდთა და  არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო სერვისებს გაეცნენ

2024 წლის 29-31 მაისს, პომპიდუ ჯგუფის მხარდაჭერით, იტალიის საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნული ცენტრის და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლებისთვის სასწავლო ვიზიტი გაიმართა იტალიის ქალაქ მილანში. დელეგაციის წევრებს სისხლის სამართლის სისტემაში მომუშავე ის პროფესიონალები (სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები) შეადგენდნენ, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის და სარეაბილიტაციო სერვისების შემუშავება-დანერგვის  მიმართულებით საქმიანობენ.

ვიზიტის მთავარ მიზანს ლომბარდიის რეგიონში არსებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის სერვისების მუშაობისა და კოორდინაციის პროცესის შესწავლა წარმოადგენდა. საქართველოს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხრა წარმომადგენელს საშუალება მოეცა დაეთვალიერებინა რამდენიმე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო ცენტრი და შეხვედრები გაემართა იტალიელ კოლეგებთან. საქართველოში მსგავსი სერვისების დანერგვისა და შემდგომი განვითარების მიზნით, დელეგაციის წევრები გაეცნენ იმ სერვისებს, პროგრამებს, ინსტრუმენტებსა და მიდგომებს, რომლებსაც იყენებენ იტალიელი ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები და ის მულტიდისციპლინარული ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ არასრულწლოვანებთან და მათ ოჯახებთან როგორც სათემო დონეზე, ასევე პრობაციის და პენიტენციურ სისტემის ფარგლებში.

ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ მოინახულა: ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო ორი ამბულატორიული დაწესებულება (SERD Accursio და SMI CAD),  სან ვიტორეს ციხეში არსებული სამკურნალო განყოფილება ''La Nave'', ნარკოტიკების თუ სხვა დამოკიდებულებების მქონე ბავშვთა და მოზარდთა მომსახურების ცენტრი "SPAZIO BLUE" და თერაპიული თემი "Kayros Onlus". დელეგაციის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ „Spazio Blue“-ს და „La Nave“-ს ბენეფიციარებს.

სასწავლო ვიზიტი მოეწყო ევროპის საბჭოს პროექტის “პენიტენციური სისტემის რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, 2023 წელს პომპიდუ ჯგუფის ექსპერტის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისთვის  მომზადებული ნარკოტიკების პრევენციის პროგრამების შემუშავების ანგარიშის საფუძველზე.

მილანი, იტალია 29-31 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge