ეს ჩვენი ისტორიაა

Back იეთიმ გურჯი

იეთიმ გურჯი

იეთიმ გურჯი (დაბღიშვილი) 1875 წელს . თბილისში, ღარიბი ხელოსნის, დაბაღის (მეტყავის) ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ქართველები იყვნენ, რომლებიც თურქებს ჩავარდნიან ტყვედ და ისლამი მიუღიათ. გვარი გურჯი (ქართველი) სწორედ მაშინ შეურქმევიათ. სახალხო მოლექსეს მამა იბრაჰიმი თბილისში დასახლებულა და ცოლად სომეხი ქალი, სარა შეურთავს. იბრაჰიმს ვაჟისთვის სახელად დაურქმევია იეთიმი, რაც თურქულად ობოლს ნიშნავს. მამის ფიქრით, მისი სიკვდილის შემდეგ, მის შვილსაც ნუგეშისმცემლად აღარავინ ეყოლებოდა.

15 წლის ასაკში იეთიმს მამა გარდაეცვალა და ოჯახი, დედა და და, მისი სარჩენი გახდა. ამ დროს, იგი მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და სხვადასხვა ინსტრუმენტის (ჩონგურის, ჭიანურის, დაირის და სხვა) დამზადება შეისწავლა. პარალელურად, წიგნის მაღაზიებიდან გამოტანილი წიგნებით ვაჭრობდა და საკუთარ თავს და ოჯახს ასე არჩენდა. მალე დედაც დაიღუპა, ობოლი და-ძმა კი მეტეხის ხიდის ახლოს, პატარა მიწურში გადასახლდა. სწორედ აქ იყრიდნენ თავს ახალგაზრდები, რომელთაც პოეტი სიმღერებს ასწავლიდა.

იეთიმ გურჯმა ლექსების წერა 20 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი ლექსები ქალაქში, უმთავრესად, სიმღერების სახით ვრცელდებოდა. ის თვითონვე ქმნიდა სიმღერათა მოტივებს, რომელთაც საკუთარ დასტასთან (მეზურნეთა ანსამბლი) ერთად ასრულებდა კიდეც. მისი სიმღერები ისმოდა ყველგან, სადაც კი დუდუკი, საზანდარი და დოლ-გარმონი უკრავდა. პოეტი ლექსებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც წერდა. მისი ხელნაწერი რვეულები სავსეა სომხური და აზერბაიჯანული ლექსებით, რომლებიც ქართული ანბანითაა დაწერილი.

იეთიმ გურჯის ლექსები პატარა კრებულებად გამოდიოდა. სატრფიალო თუ სოციალური მოტივის შემცველ პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური ბოჰემა.

იეთიმ გურჯი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ისეთი ქართველი მწერლები, როგორიც იყო იოსებ გრიშაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა დადიანი, ირაკლი აბაშიძე, ლადო ასათიანი და სხვები. მის ცხედარს ისნიდან ვაკის სასაფლაომდე ხელით მიასვენებდნენ. პროცესიის მსვლელობისას, მის კუბოს გადაფარებული ჰქონდა ნაბადი, რომელიც ზამთარში იეთიმის განუშორებელი მეგობარი იყო. პროცესიას აღმოსავლური საკრავების ანსამბლებიც მიაცილებდნენ. იეთიმის საფლავთან მისივე მელოდიებს ღიღინებდნენ მუსიკოსები, რომლებიც, თითქოს, ერთმანეთს ავტორის სიყვარულში ეჯიბრებოდნენ. იეთიმის პოეტური მემკვიდრეობის მიმართ ინტერესი დღემდე არ შენელებულა. დღეს იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page