თანასწორობის რეპორტიორი

Back საბა ბედინეიშვილი - თანასწორობის რეპორტიორი

საბა ბედინეიშვილი - თანასწორობის რეპორტიორი

ჩვენ, ყველა, საზოგადოების ნაწილი ვართ. ვცხოვრობთ გარემოში, რომელსაც თავად ვქმნით. ერთი შეხედვით, ჩვენზე მორგებული გარემო ჩვენთვის კომფორტული უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის! რატომ? პასუხი მარტივია. საზოგადოების ნაწილი საქართველოში ამკვიდრებს სტერეოტიპულ მიდგომებს, რომლებიც იარლიყს აწებებს საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს სქესის, ინტერესებისა თუ ორიენტაციის მიხედვით. შედეგად კი, ადამიანი კარგავს ყველაზე ღირებულს - თავისუფლებას!

სამწუხაროდ, საქართველოში ხშირია დისკრიმინაციული დამოკიდებულება ქალების მიმართ. სტერეოტიპული შეხედულებები ქალს წარმოაჩენს სუსტი სქესის წარმომადგენლად და წინასწარ უდგენს, რისი გაკეთება შეუძლია და რისი - არა. შედეგად, ქალები ხშირად ვერ ვითარდებიან, რადგან საზოგადოების წნეხს ვერ უძლებენ. ისინი ცდილობენ, საკუთარი თავი დაარწმუნონ, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთება არ შეუძლიათ და მათი ფუნქცია-მოვალეობები მხოლოდ საოჯახო საქმეებით შემოიფარგლება. ორი განსხვავებული ქალის შესახებ ქვემოთ მოყვანილი ისტორიები კი დაგარწმუნებთ, რომ სუსტი სქესი არ არსებობს, რომ სქესი მხოლოდ პირობითი ცნებაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის უნარებსა და შესაძლებლობებთან.

მარია წულუკიძე - პედაგოგი აჭარიდან. ის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ ვებტექნოლოგიებს ასწავლის. როდესაც ვებტექნოლოგიების დაუფლება გადაწყვიტა, ქალები იმ დროს იშვიათად ირჩევდნენ ამ პროფესიას. მიაჩნდათ, რომ ეს მათთვის შეუფერებელი იყო, რადგან ტექნიკური საგნების ათვისება არ შეეძლოთ. მარიამ დაამტკიცა, რომ ქალს, ვებსპეციალისტს, შეუძლია, იყოს წარმატებული ამ სფეროში. მას შემდეგ, რაც ყველა ბარიერი გადალახა, მიზნად დაისახა, საკუთარი ცოდნა სხვა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის გადაეცა. მარია ფიქრობს, რომ ძალიან ბევრ ქალს აინტერესებს ვებტექნოლოგიები, თუმცა თავს სწორედ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამო იკავებენ.

მარიამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 8 წლის წინ გადადგა და გააკეთა პროექტი, რომელიც მოიცავდა უფროსკლასელი გოგონების გადამზადებას ვებტექნოლოგიებში. ამჟამად მარია პედაგოგია და, სწორედ მისი დამსახურებით, მისი სტუდენტების თითქმის ნახევარს გოგონები შეადგენენ.

მარია წულუკიძე იხსენებს თავის ბავშვობას და იმ პერიოდს, როდესაც მის ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა: „4 წლის ვიყავი, პირველად რადიოს შეკეთება რომ მომივიდა აზრად. როდესაც გავიზარდე და ჯერი პროფესიის არჩევაზე მიდგა, მე კომპიუტერული ინჟინერია ავირჩიე. ოჯახში ჩემი გადაწყვეტილება მაინცდამაინც არ მოეწონათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ გოგო ამ სპეციალობას ვერ გამოიყენებდა. თუმცა, ამას არ დავუბრკოლებივარ. ჩემი პოზიცია უკვე ძალიან მყარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაინც გარდამტეხი აღმოჩნდა დღე, როდესაც ერთ-ერთ პროექტში გავიმარჯვე და ამ პროექტის პრეზენტაციაზე, ფილარმონიაში, გავიცანი გოგონა - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. მაშინ ეს ჩემთვის გამაოგნებელი იყო, რადგან სულ მეგონა, რომ ამ სპეციალობის წარმომადგენლები იყვნენ სათვალეებიანი, გრძელწვერიანი ბიჭები. სწორედ ამ ფაქტმა საბოლოოდ დამარწმუნა ჩემი არჩევანის სისწორეში. როდესაც აუდიტორიაში შევდივარ და გოგონებს ვხედავ, ყოველთვის მინდა, მათთვის ვიყო სიძლიერის, იმედის და მიზანდასახულობის ნაპერწკალი. გოგონებს და, ზოგადად, ნებისმიერ ადამიანს მინდა, ვურჩიო, რომ კარგად გაიაზრონ და შეისწავლონ, რისი გაკეთებაც სურთ. როდესაც შენს საქმეს თავს კარგად გაართმევ, საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვი სოციუმში“.

მარია წულუკიძის მსგავსად, სამოქალაქო აქტივისტი გურიიდან ალიონა ბასკაკოვა ყოველდღიურად ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ქალები სულაც არ არიან ისეთები, როგორებიც სტერეოტიპულ საზოგადოებას ჰგონია. ალიონა ორი შვილის დედაა. ის გურიის ერთ-ერთ პატარა სოფელ წყალწმინდაში თბილისიდან ჩამოვიდა. მისი თქმით, ბავშვობიდან არ უყვარდა უსამართლობა და მასზე თვალს არასდროს ხუჭავდა. საზოგადოებრივი საქმიანობა, თავდაპირველად, თბილისში დაიწყო. ის ინტერესდებოდა მოქალაქეების პრობლემებით და მათ მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ცდილობდა.

ალიონას სოფელი ძალიან უყვარს, ამიტომ წლების წინ გადაწყვიტა, საცხოვრებლად იქ გადასულიყო. მან აქტიური სამოქალაქო საქმიანობა სოფელშიც გააგრძელა. ქალის მხრიდან მსგავსი აქტიურობა იშვიათობას წარმოადგენდა, რის გამოც ადგილობრივები მას არასერიოზულად აღიქვამდნენ და ხშირად დამცინავი რეპლიკებითაც მიმართავდნენ. ამ პერიოდს ის ასე იხსენებს: „როდესაც სოფელში ჩამოვედი, ძალიან ბევრი პრობლემა დამხვდა. მოუგვარებელი იყო გზის, წყლის და სხვა ინფრასტრუქტურული საკითხები. იმავდროულად, სოფელს ჰქონდა ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ იყენებდნენ. თავდაპირველად, როდესაც პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა დავიწყე, გადავწყვიტე, მოსახლეობას შევხვედროდი, რათა მათი აზრიც გამეგო და ერთიანი ძალებით გადაგვეჭრა ისინი. მოსახლეობის ნაწილმა ეს ინიციატივა არასერიოზულად მიიღო იმიტომ, რომ მის სათავეში ქალი იდგა. მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, უკან არ დავიხიე და მალე შედეგსაც მივაღწიე. როდესაც ადგილობრივებმა დაინახეს, რომ მცდელობამ, მუშაობამ შედეგი გამოიღო და მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ქალსაც შესძლებია, სხვებიც შემომიერთდნენ. უკვე წლებია, ერთად ვმუშაობთ და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით სოფლის პოტენციალის გაზრდა და გამოყენება. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესებში ქალები უფრო აქტიურობენ, რაც ძალიან მახარებს. მინდა, ვუთხრა ყველა ქალს, უკან არ დაიხიონ, რაც არ უნდა მოხდეს. არ იყოთ მხოლოდ „კუხნის“ ქალები. ოჯახიც გქონდეთ, სამზარეულოც, მაგრამ, ამის გარდა, გქონდეთ საქმე, რომელიც გიყვართ. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, გაუკეთებელი არაფერია, მთავარია მონდომება“.

ამრიგად, ეს ორი ქალბატონი აქტიურად იბრძვის თავისი მიზნებისთვის და სხვასაც ეხმარება. ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა გავითავისოთ, რომ თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია. ის ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა. შეუძლებელია ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება, თუ თითოეულ ადამიანს არ ექნება თანაბარი შესაძლებლობა, ჩაერთოს ქვეყნის წინსვლის პროცესში. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გარემო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხელშია. ჩვენზეა დამოკიდებული, სად და როგორ ვიცხოვრებთ. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების საკუთარი სტილი, მიზნები და ოცნებები. არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს, ვინ იყოს და რა გააკეთოს. „თანასწორუფლებიანობის პრინციპი განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთნდობას, სიყვარულს, ამყარებს ადგილობრივ და არაადგილობრივ ელემენტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთზეგავლენას და ხელს უწყობს მიზნის მიღწევისთვის ერთსულოვან ბრძოლას. ვიწრო რასობრივი განსაკუთრებულობით ნაკარნახევმა რეპრესიულმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ მავნე შედეგი მოგვცეს“ - ეს იაკობ გოგებაშვილის სიტყვებია. თამამად უნდა ვთქვათ - ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას იმიტომ, რომ მზად ვართ, ვიყოთ თავისუფლები მრავალფეროვან გარემოში!

თანასწორობის რეპორტიორის კონკურსი ჩატარდა ევროპის საბჭოსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
I choose equality logo