ადამიანური ისტორიები

Back ნათია და გოჩა

ნათია და გოჩა

„მსურს, დღეიდან შენი ცოლი გავხდე! - პირდაპირ ვუთხარი გოჩას მის დაბადების დღეზე, 14 წლის წინ" - იხსენებს ნათია ბერძენიშვილი.

 

"ჩვენ ერთმანეთი თერჯოლაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ვიპოვეთ. ორი წლის განმავლობაში, ერთმანეთი შორიდან მოგვწონდა. ნელ-ნელა გოჩამ ყველა სხვა ჩემი თაყვანისმცემელი ჩამოიშორა, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობისკენ ნაბიჯს არ დგამდა. ამიტომ, მე ვიყოჩაღე და ჩემი გრძნობების შესახებ თავად გავუმხილე.

 

24 დეკემბერს, მის დაბადების დღეზე, სიურპრიზი მოვუწყვე. მეგობრები შევკრიბე და პატარა წვეულება დავაორგანიზე. მაშინ ვქსოვდი და ჩემს ხელნაკეთ ნივთებს ვყიდდი, შესაბამისად, პატარა დანაზოგიც მქონდა. გოჩას გაშლილი სუფრითა და სანთლებიანი ტორტით დავხვდით.

 

სითამამეს მოვუხმე და პირდაპირ ვუთხარი, მსურს, დღეიდან შენი ცოლი გავხდე-მეთქი. დავიფიცე, რომ სიკვდილამდე მასთან ვიქნებოდი. თავიდან, გოჩა დაიბნა, მოერიდა და ხმაც ვერ ამოიღო. მოგვიანებით, სიყვარულში თავადაც გამომიტყდა და ბეჭედიც მაჩუქა.

 

მე და გოჩას ერთმანეთის, თითქოს, უსიტყვოდ გვესმის. მასთან ყოფნა დიდი ბედნიერებაა. სულ გვერდში მიდგას, მიფრთხილდება. ყურადღებითაა, როცა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კრუნჩხვებში ვვარდები. სულ სიურპრიზებს მიკეთებს და საჩუქრებს მჩუქნის. ყოველდღიურად ვგრძნობ, რომ გვერდში თბილი და ერთგული ადამიანი მყავს.

 

უკვე 14 წელია, ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ და ორი შვილი გვყავს - 13 წლის გოგო და 8 წლის ბიჭი. არასდროს დამავიწყდება ის განცდა, როდესაც ორსულობის შესახებ გავიგე. მადლობა, უფალო, რომ შვილი მაჩუქე-მეთქი, გულში განუწყვეტლივ ვიმეორებდი. მერე სახლში მივბრუნდი და ეს ამბავი გოჩას ვახარე. მუცელზე მეფერებოდა და ამ დროს უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობდი. თუმცა, ორივე შვილი დაბადებისთანავე ჩამოგვაშორეს. მათი მოძებნა მხოლოდ მაშინ შევძელით, როცა საცხოვრებლად სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის "ხელი ხელს" საოჯახო ტიპის სახლში გადმოვედით, სადაც შვილების დაბრუნებაში დაგვეხმარნენ. მანამდე, მე და გოჩას ბევრ დიდ პანსიონატში გვიცხოვრია და ბევრი პრობლემა თუ ძალადობაც გამოგვივლია. ერთმანეთის სიყვარული ამ გამოწვევებთან გამკლავებაში გვეხმარებოდა. ამბობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ოჯახის შექმნა არ შეუძლიათო, თუმცა ჩვენ საოჯახო ტიპის სახლში "ხელი ხელს" დამოუკიდებელ ადამიანებად ვიქეცით. სახლში ყველაფერს თავად ვაკეთებთ, საჭმელი იქნება ეს თუ სარეცხი. გოჩა შესანიშნავი მზარეულია, მე კი ხელსაქმე მეხერხება. გოჩა მუშაობს კიდეც და შემოსავალიც გვაქვს. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მხარდამჭერი მაინც გვჭირდება, თუმცა მხარდაჭერა ხომ ისედაც ყველას სჭირდება, დედ-მამის, ბებიების, და-ძმისა თუ სხვათა სახით.

 

ახლა ჩვენი შვილები ახლომდებარე სოფელში, მინდობით აღმზრდელთან, კარგ ოჯახში, ერთად ცხოვრობენ. ბავშვები ხშირად გვსტუმრობენ და მათთან შესახვედრად განსაკუთრებული საჩუქრებით ვემზადებით. სამომავლოდ, გვსურს, გვქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ყველანი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებთ.“

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page