Back სუიციდის პრევენციის პროგრამის განმტკიცება პენიტენციურ სისტემაში

სუიციდის პრევენციის პროგრამის განმტკიცება პენიტენციურ სისტემაში

ევროპის საბჭო და ევროკავშირი აგრძელებენ პენიტენციურ სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის დანერგვის მხარდაჭერას.  ამ პროცესის ფარგლებში გრძელდება კასკადური ტრენინგები პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისათვის. ხუთი სამდღიანი ტრენინგი ჩატარდება რუსთავში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში და სამი ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში.

რისკის ქვეშ მყოფი პირების დროული გამოვლენა და მათ მიმართ თანმიმდევრული ყურადღების გამოჩენა აუცილებელია ციხეებში სუიციდის პრევენციისათვის და კვალიფიცირებული პერსონალის კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ტრენინგი დაეხმარება პატიმრებთან უშაულოდ დაკავშირებულ თანამშრომლებს, რომ შეძლონ სტრესისა და სხვა ფაქტორების გამოვლენა, რაც  გავლენას ახდენს პატიმრების ემოციურ მდგომარეობაზე და ამაღლებს სუიციდისა თუ თვითდაზიანების რისკს. ტრენინგზე გამოყენებული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული შემთხვევის მაგალითები, რითაც მონაწილეები გაეცნობიან სუიციდის პრევენციის მიზნით განსახორციელებულ აქტივობებს და სუიციდის მართვის ტექნიკებს.

კასკადური ტრენინგების პირველი ციკლი ჩატარდა პროექტის წინა ფაზაში, „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში. იმავე პროექტით, საგანგებოდ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლებისათვის, შემუშავდა ტრენინგის კურიკულუმი და მეთოდოლოგია. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, პირველ ეტაპზევე მომზადდნენ მომავალი ტრენერები, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთაგან შეირჩნენ.

შედეგად, პირველ ეტაპზე მთლიანად 92 სოციალური მუშაკი, 644 რეჟიმისა და უსაფრთხოების თანამშრომელი და 101 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი მომზადდა სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩასართველად. ამასთან, ამ კუთხით ცნობიერება აუმაღლდათ ციხის მენეჯერებს, მათ შორის, 46 დირექტორს, დირექტორის მოადგილეებსა და მთავარ ექიმებს. არსებობს მოლოდინი, რომ ტრენინგების მიმდინარე ციკლის ბოლოს გადამზადებულ თანამშრომელთა გაზრდილი რაოდენობა ხელს შეუწყობს სუიციდის შემთხვევათა თუ მცდელობათა მაქსიმალურად შემცირებას.

აღნიშნული აქტივობა არის ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ღონისძიებათა შორის, რომლებიც მიმართულია ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში. იგი ორგანიზებულია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის განკუთვნილ პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.  

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge