2 დეკემბერს 10:30 საათზე გაიხსნება ინტერნეტ მმართველობის რიგით მეექვსე ფორუმი GeoIGF2020. ღონისძიება 2-დღიანია და ჩატარდება ონლაინ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება 9 პლენარული სესია, რომლებიც მიეძღვნება საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებს.
ფორუმს გახსნიან აკაკი საღირაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; იორან მარბი - ICANN-ის (მინიჭებული სახელების და ნომრების ინტერნეტ კორპორაცია) პრეზიდენტი; მერაბ ქათამაძე - კომუნიკაციების კომისიის წევრი; ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორი; ნატალია ვუტოვა - ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი; ჯეინ კოფინი - პირველი ვიცეპრეზიდენტი, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC); კრის ბაკრიჯი - RIPE NCC-ს საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი.
ფორუმს დაესწრება 200-ზე მეტი მონაწილე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან ისევე, როგორც აკადემიური წრეებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ფორუმის სპიკერები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოში ინტერნეტ მმართველობის საკითხებში ჩართული მხარეების წარმომადგენლები.
GeoIGF2020 ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები: გიგაბიტ საზოგადოება და საქართველო; გამოხატვის თავისუფლება და ინტერნეტი; ხელოვნური ინტელექტი და პერსონალური მონაცემების დაცვა; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი; საქართველოს ზედა დონის დომენური სახელის.ge-ზონის გამოწვევები; ინფორმაციული უსაფრთხოების ეკოსისტემა საქართველოში; Covid19, ციფრული მოქალაქეობა და მედია წიგნიერება; COVID-19 და ონლაინ სწავლება.
ფორუმი უმასპინძლებს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას კომუნიკაციების კომისიასა და ICANN-ს შორის.
ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კომუნიკაციების კომისია. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. წლევანდელი GeoIGF2020 ევროპის საბჭოს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), ICANN და RIPE NCC-ს მხარდაჭერით იმართება. ფორუმი ხელს უწყობს მონაწილე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას და უზრუნველყოფს ინტერნეტის მართვის პოლიტიკის შესახებ დიალოგს და პოზიციების შეჯერებას.
GeoIGF2020 ღიაა ყველა დაინტერესებული მონაწილისათვის. ღონისძიების ონლაინ სტრიმინგი უზრუნველყოფილი იქნება, თუმცა კითხვა-პასუხში ჩართვისათვის აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე.
ღონისძიების დღის წესრიგი, რეგისტრაციის ფორმა და მომხსენებელთა სია იხილეთ აქ: www.igf.ge

