Back საქართველო ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმს მასპინძლობს (GeoIGF 2021)

საქართველო ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმს მასპინძლობს (GeoIGF 2021)

30 ნოემბრიდან  1 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ინტერნეტ მმართველობის  რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 გაიმართება. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტ საზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) კოორდინაციით ჩატარდება.     

ფორუმი 2-დღიანია და ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. ღონისძიება 10 თემატურ სესიას მოიცავს, რომელიც  საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს განიხილავს.

ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობდნენ გურამ გურამიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ეკატერინე იმედაძე - კომუნიკაციების კომისიის წევრი; პეტრ მიკისკა -  ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; ნატალია ვუტოვა - ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ანრიეტ ესტერიუსენი - გაეროს გლობალური ინტერნეტმმართველობის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე,  მსოფლიო კიბერსფეროს სტაბილურობის კომისიის კომისიონერი; ჯეინ კოფინი - ინტერნეტ საზოგადოება (ISOC) უფროსი ვიცე პრეზიდენტი; დავით სონღულაშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ღონისძიებამ უმასპინძლა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას ინტერნეტ მმართველობის ფორუმსა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შორის.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობას საქართველოს ინტერნეტ მმართველობის დიალოგში, რამდენადაც იგი წარმოადგენს ინტერნეტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორს. ამ მიზნით, მხარეები, ინტერნეტის სფეროში  მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანობა და ღიაობა. ამასთან, მემორანდუმი გულისხმობს კომიტეტის ფორუმში გაწევრიანებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ახალი კორონა ვირუსისგან გამოწვეული პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა და მათმა გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყანაში კრიტიკულად აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფის გასაგრძელებლად. „ამ მხრივ, ჩვენი სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიებსა და პროგრამებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობა, ასევე ინტერნეტ - ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება, ქვეყნის საერთაშორისო ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნეს, მესამე სექტორთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ისეთი გლობალური მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მთელი ქვეყნის დაინტერესებული წრეების პოზიციათა დაახლოება და ერთობლივი მუშაობა, რაც დღემდე წარმატებით ხორციელდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.   

 კომუნიკაციების კომისიის წევრმა  ეკატერინე იმედაძემ  საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ტელეკომ ბაზრის გახსნილობა, ახალი, ინოვაციური  სერვისების დანერგვა და  დარგის ტექნოლოგიური  განვითარება აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხელმისაწვდომი და ადეკვატური მომსახურებები და გაიზარდოს ციფრული სერვისებიდან მიღებული ბენეფიტები. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო მეტად ციფრული ხდება, მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო კავშირი კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის როგორც ადგილობრივ ისე რეგიონალურ ბაზარზე არაერთი საინტერესო პერსპექტივა არსებობს. თანამედროვე ტელეკომში სულ უფრო მეტ გლობალურ პროექტებს და ინიციატივებს ეყრება საფუძველი, შესაბამისად ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარება ქმნის უპრეცედენტოდ დიდ შესაძლებლობებს ინოვაციებისთვის, რაც თავის მხრივ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო ციფრული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების უზრუნველყოფაში, თუმცა ასევე დიდია სფეროს მოთამაშეების პასუხისმგებლობაც. ქვეყანაში დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად აუცილებელია სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ინოვაციური და ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნების მისაღწევად არსებითი წინაპირობაა სექტორის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაც, რაც ნიშნავს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბარიერები უნდა მოიხსნას. უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ინოვაციური, ციფრული ბიზნეს მოდელების სტიმულირებით. ასეთი მიდგომით საქართველოში რეგულირების არსებული მოდელი სამაგალითო უნდა გახდეს.“ - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ნატალია ვუტოვას განცხადებით,  ევროპის საბჭო სიამოვნებით უჭერს მხარს დაინტერესებულ მხარეთა  მრავალმხრივ დიალოგს, რაც, ინტერნეტის სფეროში, დემოკრატიული გზით გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ჩვენ მივესალმებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფორუმში გაწევრიანებას და ვიწვევთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს გახდეს ფორუმის წევრი და გამოიყენოს აღნიშნული პლატფორმა ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების გამოსახატავად.

GeoIGF 2021-ზე  წარმოდგენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა:  ხელოვნური ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები; დეზინფორმაცია საქართველოს ინტერნეტ სივრცეში; ფართოზოლოვანი საქართველო  – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; გახსნილი ტელეკომ ბაზარი და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარება; ინტერნეტ კონტენტის თვითრეგულირება; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა; ციფრული წიგნიერება და  მზაობა, სხვადასხვა სექტორების როლი ამ პროცესში;  ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების საკითხები და სხვა.

GeoIGF 2021 ღიაა ყველა დაინტერესებული მონაწილისათვის. კითხვა-პასუხში ჩართვისათვის აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე www.igf.ge, სადაც ასევე განთავსებულია ღონისძიების დღის წესრიგი,  მომხსენებელთა სია და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფორუმთან დაკავშირებით.

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).

ფორუმმა, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 200-მდე მონაწილე ესწრება, უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც საქართველოს ინტერნეტ მმართველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა  ღონისძიებამ. ფორუმი თავს უყრის აღნიშნულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდული სექტორის მონაწილეებს. ფორუმი  უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმაა წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წამოჭრილი აქტუალური საკითხებისა და პროექტების განსახილველად.

30 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ევროპის საბჭოს პროექტი „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ეფუძნება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის  ფარგლებში 2015-2017 წლებში, საქართველოში  განხორციელებული  ორი პროექტის  მიღწევებს:    „ მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პრულარიზმის ამაღლება“ და „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობით“. ამ ორი პროექტის მიღწევები მოიცავდა სამაუყწებლო მარეგულირებელი ორგანოს (კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და ჟურნალისტური თვითრეგულირების ორგანოს (ჟურნალისტური ეთიკის ქარტია) შესაძლებლობების გაძლიერებას, ონლაინ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების, ინტერნეტთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ჩამოყალიბების და ასევე ინტერნეტთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპის საბჭოს სტანდარტების გავრცელების ხელშეწყობას.

პროექტის მიზნებია
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოსევროპულ და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისაბოში მოიყვანოს აუდიო-ვიზუალური მომსახურებისა და მედია წიგნიერების სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო;
  • ხელი შეუწყოს ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და ეთიკის ნორმელიც დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას;
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ინტერნეტთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებასა და მის შესაბამის განხორციელებაში;
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა მოქალაქეების პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებით. 
პროექტის აქტივობები
  • ექსპერტთა შეფასებები და რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ , სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩო დოკუმენტებზე, ასევე, ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და შესაბამისი პუბლიკაციები;  
  • სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერების ვებ გვერდის შექმნა;  
  • ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავება.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

საქართველოს ეკონომიკის და მდგრაგი განვითარების სამინისტრო;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია;

სამოქალაქო საზოგადოება;

აკადემიური სფერო: უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტები.  

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2019 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით

კონტაქტი

თამარ კობახიძე - პროექტის ოფიცერი

ვიქტორია კოპლატაძე - პროექტის აისტენტი