Back სამოქალაქო მონაწილეობის კამპანია "შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი" ბოლნისში

სამოქალაქო მონაწილეობის კამპანია

ევროპის საბჭო სამოქალაქო მონაწილეობის კამპანიის „შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლის“ ფარგლებში ამჯერად ბოლნისს ესტუმრა.  კამპანიის მიზანია ადგილობრივ დონეზე აქტიური მონაწილეობის კულტურის ხელშეწყობა. იგი ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოებასა და საჯარო ხელისუფლებას შორის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ღონისძიების მსვლელობისას მონაწილეები ჩაერთნენ ფორუმთეატრში, სადაც აუდიტორიას მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობითი მექანიზმების გამოყენებით მოეძიებინათ კონკრეტული საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრის გზები.

ფორუმთეატრი არის თეატრის მონაწილეობითი ფორმა, რომელიც ძირითადად სოციალურ საკითხებს ეხება. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, მაყურებელს შეუძლია შეაჩეროს სპექტაკლი, ჩაანაცვლოს მსახიობი და შესთავაზოს სცენარის ალტერნატიული განვითარება, რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

სპექტაკლის შემდეგ მონაწილეები ჩაერთნენ დისკუსიაში ადგილობრივი ინიციატივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ. დისკუსიებმა ნათლად წარმოაჩინა თუ როგორ შეიძლება ცალკეულმა ქმედებებმა მოიტანოს პოზიტიური ცვლილებები მუნიციპალიტეტში. მონაწილეები ასევე გაეცნენ ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვის არსებულ შესაძლებლობებსა და მექანიზმებს.

გარდა ფორუმთეატრისა და პანელური დისკუსიებისა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ევროპის საბჭოს ინოვაციურ სამაგიდე თამაშს - Uchange-ს. აღნიშნული მეთოდოლოგია მონაწილეებს აძლევს ინფორმაციას  იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები უკვე ჩატარდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, თბილისშიონშიამბროლაურშიგორშიბორჯომში, ახმეტასა და თელავში. ღონისძიებების სერია გაგრძელდება მარნეულში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, თეთრიწყაროში, ზესტაფონში, წყალტუბოსა და რუსთავში.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page