საქართველოში პირველად ევროპის საბჭო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოში სოლიდარობის ფონდ PL-თან თანამშრომლობით მხარს უჭერს სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პილოტირებას. მეთოდოლოგიას საქართველოში თბილისის 177-ე საჯარო სკოლა და ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლა გამოიყენებენ.
სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირება ახალგაზრდების მონაწილეობის წამახალისებელი ინოვაციური ინსტრუმენტია და იგი აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისთვის. მეთოდოლოგია ხელს უწყობს ახალგაზრდებში ლიდერობის კომპეტენციების განვითარებას და ასწავლის მათ როგორ შეიმუშაონ პროექტები, როგორ ჩაერთონ სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვაში და იქონიონ გავლენა გადაწყვეტილებებზე, რომელიც მათ ყოველდღიურობას ეხება.სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირება წაახალისებს აქტიურ მოქალაქეობასა და სამოქალაქო მონაწილეობას ადგილობრივ თემებში.
მეთოდოლოგიის საპილოტე ფაზა დაიწყო ექსპერტთა ბანაკით, რომელიც გაიმართა თბილისში 29 ივნისიდან 1 ივლისამდე და საკითხის გარეშემო გააერთიანა დაინტერესებული მხარეები, რათა მათ ერთობლივად განესაზღვრათ მეთოდოლოგიის ქართულ კონტექსტზე მორგების შესაძლებლობა. ექსპერტთა ბანაკში მონაწილეობა მიიღეს განათლების სექტორის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტებების წარმომაგენლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის მოსწავლეებმა თბილისისა და ზესტაფონის საპილოტე სკოლებიდან, ჯამში 24-მა ადამიანმა. პროექტის მთავარი პარტნიორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც მხარს უჭერს სკოლებს სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვაში და მოსწავლეებში მონაწილეობითი კულტურის პოპულარიზაციაში.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ უკრაინისა და სხვა ქვეყნების კარგ პრაქტიკას სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების გამოყენების კუთხით. გარდა ამისა, ჯგუფებში მუშაობისას მონაწილეებმა განიხილეს როგორ შეიძლება მოერგოს საერთაშორისო პრაქტიკა ქართულ კონტექსტს, განსაზღვრეს პოტენციური რისკები და გამოწვევები და ჩამოაყალიბეს საქართველოზე ადაპტირებული ფინანსური მოდელი. ექსპერტთა ბანაკის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდება ადაპტირებული სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელი საქართველოში მეთოდოლოგიის გამოსაყენებლად აუცილებელი მარეგულირებელი დოკუმენტების პაკეტთან ერთად.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

