მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებმა უმასპინძლეს ევროპის საბჭოს საინფორმაციო კამპანიას "შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი", რომელმაც სამოქალაქო მონაწილეობის თემატიკის ირგვლივ გააერთიანა ადგილობრივი მოსახლეობა, აქტივისტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე აქტიური მონაწილეობითი კულტურის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოებასა და საჯარო ხელისუფლებას შორის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობის ხაზგასმას.
ღონისძიება ჩატარდა ფორუმთეატრის ფორმატით. ფორუმთეატრი, თეატრალურ და საგანმანათლებლო მიდგომაზე დაფუძნებული მეთოდია, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს სცენაზე მოირგონ მსახიობის როლი და წარმოადგინონ თემში არსებული პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები. გადაწყვეტილებების ძიებისას მოქალაქეებმა განსაზღვრეს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედების სხვადასხვა საშუალება, მათ შორის პეტიციის დაწერა, საკითხის წამოწევა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოებისა და საკრებულოს წევრების დახმარებით, მერთან პირისპირ შეხვედრა მერის ღია კარის დღის ფარგლებში და სხვა.
დრო ასევე დაეთმო დისკუსიებს სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებში მომხსენებლებმა თავიანთი შეხედულებები და გამოცდილება გაუზიარეს ღონისძიების დამსწრეებს. ორივე ღონისძიებამ, მარნეულსა და თეთრიწყაროში თემატიკის ირგვლივ გააერთიანა ჩართულობის მექანიზმებით სათემო საკითხების გადაჭრის გამოცდილების მქონე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მონაწილეთა მრავალფეროვანი ჯგუფები, რამაც ხელი შეუწყო ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს. მაყურებელი აქტიურად ჩაერთო ფორუმთეატრის წარმოდგენასა და დისკუსიებში გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ინოვაციური მონაწილეობითი ფორმების გამოყენების თემაზე.
კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები უკვე ჩატარდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, თბილისში, ონში, ამბროლაურში, გორში, ბორჯომში, ახმეტაში, თელავსა და ბოლნისში.
ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

