Back სამოქალაქო მონაწილეობის კამპანია „შეცვალე სცენარი – შეასრულე შენი როლი“ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გრძელდება

სამოქალაქო მონაწილეობის კამპანია „შეცვალე სცენარი – შეასრულე შენი როლი“ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გრძელდება

ევროპის საბჭოს საინფორმაციო კამპანიის „შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი“ ღონისძიებები გრძელდება ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.

კამპანია მიზნად ისახავს მონაწილეობითი კულტურის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოებასა და საჯარო ხელისუფლებას შორის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობის ხაზგასმას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ღონისძიებამ სამოქალაქო ჩართულობის თემის ირგვლივ გააერთიანა ახმეტისა და თელავის მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ჩაერთვნენ ფორუმთეატრის მიმდინარეობაში და გაეცნენ სხვადასხვა გზებსა და მექანიზმებს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია თემში არსებული პრობლემების გადაჭრა და არსებული გარემოს გაუმჯობესება.

„მუნიციპალიტეტებში პოზიტიური ცვლილებები მოქალაქეების ხელშია და ამ პროცესს ეფექტურს ხდის მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის“ – აღნიშნა სტეფან სირბუმ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

„ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის განპირობებული რამდენად აქტიურად მონაწილეობს მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, განსაკუთრებით ეს ეხება მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივ დონეზე. დღეს აქ ყოფნით, უკვე ასრულებთ თქვენს მოქალაქეობრივ როლს, თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ „ერთად უკეთესია“ - აღნიშნა ალექსანდერ კარნერმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში  და ხაზი გაუსვა, თუ როგორ შეუძლია აქტიურ მოქალაქეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტურ თანამშრომლობას სოფლის განვითარების ხელშეწყობა.

მონაწილეებს ღონისძიების მსვლელობისას ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ფორუმთეატრში. მსახიობებმა შეასრულეს მოკლე წარმოდგენა თემში არსებულ პრობლემაზე და მოუწოდეს აუდიტორიას ჩართულიყვნენ და ერთობლივად მოეძიათ პრობლემის გადაჭრის  სხვადასხვა გზა.  წარმოდგენის შემდეგ აუდიტორიამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ინიციატივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ დისკუსიაში, რაც მათ დაეხმარა დაენახათ როგორ შეუძლია რეალურ ცხოვრებაში მონაწილეობასა და აქტიურ მოქალაქეობას დადებითი ცვლილებების მოტანა საზოგადოებისთვის.

მარიამ გურაბანიძემ, ღონისძიების მონაწილემ თელავიდან, რომელიც ჩაერთო ფორუმთეატრის წარმოდგენაში, განსაკუთრებით აღნიშნა ფორუმთეატრის მნიშვნელობა, რადგან მეთოდოლოგიამ მოქალაქეებს მისცა საშუალება განეხილათ  პრობლემა სხვადასხვა პერსპექტივიდან და ემსჯელათ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

2023 წლის განმავლობაში კამპანია ხორციელდება 15 საპილოტე მუნიციპალიტეტში. ფორუმთეატრი უკვე გაიმართა თბილისშიონშიამბროლაურში, გორში, ბორჯომში, ახმეტასა და თელავში. ღონისძიებების სერია გაგრძელდება მარნეულში, ბოლნისში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, თეთრიწყაროში, ზესტაფონში, წყალტუბოსა და რუსთავში.

ღონისძიება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page