ოზურგეთისა და თელავის მუნიციპალიტეტებში CivicLab მეთოდოლოგიით პოლიტიკის დოკუმენტების წარმატებით შემუშავების შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტმა გამართა საჯარო კონსულტაციები მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის (MDD) მომზადების მიზნით. კონსულტაციების პროცესის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ახმეტის მერია, ხოლო პროცესს უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს CivicLab მეთოდოლოგიის ექსპერტები.
CivicLab არის საჯარო კონსულტაციის ციფრული ინსტრუმენტი, რომელიც შერჩეული თემის ირგვლივ აერთიანებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ კონკრეტული საკითხი და შეიმუშაონ წინადადებები ინკლუზიური პროცესით.
საკონსულტაციო პროცესმა შერჩეული თემის ირგვლივ გააერთიანა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის 30 წარმომადგენელი. CivicLab-ის მეთოდოლოგიის მონაწილეებისთვის გაცნობის შემდეგ, ექსპერტების დახმარებით მონაწილეებმა გააკეთეს არსებული პრობლემების ანალიზი და განსაზღვრეს შესაძლო გადაჭრის გზები, რომელზე დაყრდნობითაც გამოავლინეს მუნიციპალიტეტის გამოწვევები, პრიორიტეტები და რეკომენდაციები MDD დოკუმენტის შემუშავებისთვის.
მონაწილეებმა განიხილეს ახმეტის მუნიციპალიტეტის პრობლემური საკითხები და განსაზღვრეს შესაბამისი გადაწყვეტილებები ექსპერტებისა და ფასილიტატორების დახმარებით სამი თემატური მიმართულებით: ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალგაზრდების განვითარება. „CivicLab“-ის მეთოდოლოგიის ციფრული კომპონენტის მეშვეობით, სამი სამუშაო ჯგუფის შედეგები მყისიერად გამოისახა საერთო ეკრანზე საერთო სურათისა და შედეგების შეჯამებისთვის. საჯარო კონსულტაციების შედეგები აისახება ახმეტის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტში (MDD).
ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

