ევროპის საბჭომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით, სასასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პილოტირების ფარგლებში შეიმუშავა მეთოდოლოგიის ქართული მოდელი, რომელიც პირველად საქართველოში თბილისის 177-ე და ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლებში ხორციელდება.
ექსპერტთა ბანაკის რეკომენდაციებისა და საქართველოში არსებული სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩოების ანალიზის გათვალისწინებით, ევროპის საბჭომ შეიმუშავა მეთოდოლოგიის ქართული მოდელი ადვოკატირების გეგმითა და მარეგულირებელი დოკუმენტებით. გარდა ამისა, მოხდა მეთოდოლოგიის ინსტრუმენტების, ნორმატიული დოკუმენტების, ტრენინგის კონცეფციის, "Uchange SPB" სამაგიდე თამაშისა და შესაბამისი მატრიცის ადაპტაცია და ქართულ კონტექსტზე მორგება.
მეთოდოლოგიის ქართული მოდელის პრეზენტაცია გაიმართა საპილოტე სკოლებში, თბილისის 177-ე და ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლებში, რომელთაც ჯამში 200 ადამიანამდე დაესწრო, მათ შორის იყვნენ, სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი მიესალმა დამსწრეების მაღალ დაინტერესებასა და ენთუზიაზმს. მისასალმებელ სიტყვაში მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გადამწყვეტ როლზე და ავსტრიაში ევროპის საბჭოს სასწავლო ვიზიტის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხაზი გაუსვა ამგვარი მონაწილეობითი პრაქტიკის მნიშვნელობას.
თბილისის 177-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გელა ოდიშელიძემ დაადასტურა, რომ სკოლის საბჭომ დაამტკიცა მეთოდოლოგიის პილოტირებისთვის საჭირო მარეგულირებელი დოკუმენტები, რაც ხაზს უსვამს სკოლის მზადყოფნას შემდგომი თანამშრომლობისთვის, ხოლო მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სურვილი, რომ ჩაერთონ საქართველოში პირველი სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებაში.
საპილოტე პროცესი გაგრძელდება ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვით, Uchange ტრენერთა ტრენინგის ორგანიზებითა და ინსტრუმენტის პრაქტიკული დანერგვით საპილოტე სკოლებში.
სასასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პილოტირება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

