სოციალურ-ეკონომიკურ უფლებების მიმართულებით შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შრომის სამართლის პროფესიონალებისთვის, განსაკუთრებით შრომის ინსპექტორებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ეწევიან შრომის დადგენილი სტანდარტების შესაბამისობის კონტროლს.
19 ივნისს, ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ უმასნპინძლა 12 შრომის ინსპექტორის და 5 სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაჯილდოების ცერემონიას. მონაწილეებმა წარმატებით (92%-იანი მაჩვენებლით) დაასრულეს ევროპის საბჭოს მთავარი საგანმანათლებლო პლატფორმის (HELP) კურსები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების სწავლების მიმართულებით.
კურსის დახურვის ცერემონიალზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველმა მოადგილემ ნატო ნათენაძემ და საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ - თამარ გვარამაძემ.
წარმოდგენილი კურსი უნიკალური შესაძლებლობაა შრომის ინსპექციის და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის გაიღრმავონ ცოდნა შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, ასევე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ ქართულ რეალობაზე ადაპტირებულ საკითხავ მასალებს და შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა.
“სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის ნამდვილად ღირებული იყო შრომის ინსპექტორებთან ერთად ამ ძალიან საინტერესო სასწავლო კურსის გავლა, რადგან შესაძლებლობა მიეცათ არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე მიეღოთ მეტი ინფორმაცია და გაემდიდრებინათ საკუთარი ცოდნა, არამედ შრომის ინსპქეტორებთან ერთად ემსჯელათ მნიშვნელოვანი საკითხებზე და გაცნობოდნენ ერთმანეთის მოსაზრებებს.“ აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ - თამარ გვარამაძემ.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

