ადვოკატთა ასოციაციამ შეიმუშავა სავალდებულო სტაჟირებისა და მოსამზადებელი კურსის პროგრამა პროფესიაში შესვლის მსურველი ადვოკატებისთვის. ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აღნიშნული პროგრამის ადმინისტრიტების დიდი გამოცდილება აქვთ როგორც სპეციალური სკოლების, ისე- აკრედიტირებული სასწავლო კურსების მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ევროპის საბჭოს ორმა ექსპერტმა შეაფასა სავალდებულო სტაჟირების სამუშაო კონცეფცია და წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები მისი განვითარების გზებთან დაკავშირებით საუკეთესო ევროპული გამოცდილებისა და არსებული საკანონმდებლო ბაზის გათვალისწინებით. აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით, 19-20 თებერვალს, კახეთში გაიმართა ორდღიანი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი გუნდი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. შეხვედრაზე ასეთმა ფართო წარმომადგენლობამ განაპირობა არსებული იურიდიული განათლების სისტემის ყველა ასპექტზე მსჯელობა, თუმცა მაინც გამოიკვეთა განსხვავებული მიდგომა საუნივერსიტეტო განათლებასა და ადვოკატების მოსამზადებელ კურსებს შორის. მონაწილეებმა გაიზიარეს ექსპერტების შეფასებები და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება იურისტების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ „მინიმალური კომპეტენციის დოკუმენტის“ შემუშავებაზე და ასევე შეჯერდებიან სავალდებულო სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული ნაწილის შინაარსზე.
შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის და ბელორუსიის პროგრამული თანამეგობრობის ჩარჩოს მიერ. ევროპის საბჭო და ევროკავშირი აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ფარგლებში ცდილობენ დაეხმარონ ამ ქვეყნებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

